
რუსეთი ახორციელებს პროპაგანდას,როგორც საქართველოს, ასევე სხვა ახალი დემოკრატიების მიმართ- ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონში არსებობს.
პრეზიდენტის თქმით, მთავარი გამოწვევა დღეს არის უსაფრთხოების შესუსტებული გარემო რეგიონში, ჰიბრიდული ომი, კიბერ დაპირისპირებები და საზოგადოებრივ აზრზე აგიტაციის მეშვეობით ზეგავლენის მცდელობა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი ახორციელებს.
„ასეთ პროცესებს მერე მოჰყვება ხოლმე რეალური შესუსტება უსაფრთხოების გარემოსი. ამ თვალსაზრისით, ერთიანობა და საზოგადოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, ერთიანი მესიჯით ყოფნა, არის მართლაც გადამწყვეტი. ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია ჩვენს პარტნიორებთან, რომელიც არსებობს ამ ტიპის გამოწვევებთან მიმართებაში, ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ეს საჭიროება მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ასევე პარტნიორ ქვეყნებში, ძალიან აქტიურად იყოს ერთიანი მესიჯი, რომელიც გააბათილებდა იმ პროპაგანდას, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ახალი დემოკრატიების მიმართ, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი ნატოს დღეების ფარგლებში იმართება. მთავარი თემა ამჯერად - დეზინფორმაცია და ჰიბრიდულ ომში მედიის როლია.