
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით არ შეიძლება, რომ ხალხს წაერთვას პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება. განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე. რეალური ბალანსის შექმნის აუცილებლობაზე! ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ეროვნული ერთიანობის განცდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა.
მოვუსმინოთ ხალხს! და თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება, რომ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არცერთი ადამიანი არ იცხოვრებს ქუჩაში, ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვნები, სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა, სადაც არავის შია და არავის სცივა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.