
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზს, ისეთი სამედიცინო მანიპულაცია სჭირდება, რომელიც საქართველოში ვერ ჩატარდება,-ამის შესახემ მისი ადვოკატები აცხადებენ.
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მოსამართლემ ეს ფაქტორი არ გაითვალისწინა. გარდა ამისა, მოსამართლემ თქვა, რომ არსებობს მოწმეებზე ზეწოლის განხორციელების საფრთხე, რასაც პროკურატურა არგუმენტირებულად ვერ ამტკიცებს.
”გვაქვს დოკუმენტაცია, რომ მამა გიორგი მამალაძემ საქართველოში ვერ გაიკეთა ოპერაცია. გადატანილი აქვს ძალიან მძიმე ოპერაცია გულზე, რომელიც გაკეთდა თურქეთში. როდესაც გაუმიზეზდა გულის პრობლემები, გადაყვანილი იყო ჩაფიძის კლინიკაში, ვინაიდან საქართველოს სამედიცინო სისტემაში ამის პრაქტიკა არ არსებობს, დიაგნოზიც კი ვერ დაუსვეს მას.
მოსამართლის თვალწინ პროკურორებს დავუსვით კითხვა - არის თუ არა ერთი მოწმე მაინც, რომელზეც შესაძლებელია ბრალდებულს მოეხდინა ზეწოლა. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ თქვა, რომ არსებობს მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე და რაც არ უნდა ირონიული იყოს, ეს თქვა იმ მოწმეზე, რომელსაც დაცვა დაჰყვება. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა მამა გიორგიმ გაანადგუროს. მამა გიორგიმ პირდაპირ გამოთქვა მზაობა, რომ ჩააბარებდა ყველანაირ საბუთს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მიიმალებოდა და არ გადაკვეთდა საზღვარს”, - განაცხადა ფანცულაიამ.