
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების არსს ვერ ხვდება.
ბესელია ამბობს, რომ არსებული კანონი სწორად შემუშავებულია და ხელისუფლება ,,რომანტიული" კანონების წერას და უსაფრთხოების ზღვარის მოშლას არ დაუშვებს.
„მე არ მესმის ამ ლოგიკის არსი, რასაც გვთავაზობს პრეზიდენტი, იმიტომ, რომ ეს ისედაც იგულისხმება, რომ არის პრემიერ-მინისტრის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. თუ ჩვენ გვინდა, რომ მოვშალოთ ყველა დაცვის ზღვარი და მაქსიმალურად გავაშიშვლოთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, წავართვათ მექანიზმები და რომანტიული კანონები ვწეროთ, ხელისუფლება ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ვერ აჩვენებს. ეს იქნება ძალიან სახიფათო ნაბიჯები განსაკუთრებით იმ გამოწვევების პირობებში, რომელშიც დღეს თანამედროვე სამყარო არსებობს",- აცხადებს ეკა ბესელია.