
დაზავების შესახებ შეთანხმების მიუხედავად, ცოტა ხნის წინ „ბერკუტმა“ ევრომაიდანს შეუტია, თუმცა, მათ აღებული პოზიციები ვერ შეინარჩუნეს: კონტრშეტევის შემდეგ მაიდანს ისევ ოპოზიცია აკონტროლებს.
ამ წუთებში კიევის ცენტრში ისევ სროლის ხმა ისმის. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სნაიპერები კონსერვატორიისა და სასტუმრო „უკრაინის“ შენობიდან ისვრიან, ასევე, მაიდნელებს შორის არიან თავდაცვითი რაზმების ტანსაცმელში გადაცმული „ტიტუშკები“. აღსანიშნავია, რომ სნაიპერები ესვრიან არამარტო აქციის მონაწილეებს, არამედ მილიციელებსაც – დაჭრილია რამდენიმე ბერკუტელი და შინაგანი ჯარის წარმომადგენელი, ასევე დაჭრილები არიან აქტივისტებს შორისაც.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინიმუმ, ორი ადამიანი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. იმის გამო, რომ შეტაკებები ძალოვნებსა და აქტივისტებს შორის ინსტიტუტსკაიას ქუჩაზეც მიმდინარეობს, ხოლო ეს ქუჩა სამთავრობო კვარტალთანაა, მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის რადას ევაკუაციის შესახებ.
ევრომაიდნელებმა კონტრშეტევის შემდეგ რამდენიმე ბერკუტელი და შინაგანი ჯარის ახალწვეული ტყვედ აიყვანეს. ისინი ევრომაიდნის სცენის უკან არიან გადაყვანილი. სცენიდან ოპოზიციის ლიდერები ავრცელებენ მოწოდებას, რომ დაკავებულ ძალოვნებს აქციის მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიაყენონ, გავრცელებული ინფორმაციით, ევრომაიდნის აქტივისტებმა სნაიპერიც აიყვანეს.