
ომბუდსმენი ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით. განცხადბაში ნათქვამია, რომ დაკავებულის მოსანახულებლად იმყოფებოდა პოლიციაში, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შეესწრნენ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ცინიკური, კონფლიქტის მაპროვოცირებელი, ბილწი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტს.
"დაკავებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას დამატებით განმარტა, რომ მასაც მიაყენეს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაკავების პროცესში და გამოიყენეს არაპროპორციული ფიზიკური ძალა.
დაკავებულს აღენიშნებოდა სიწითლე შუბლის არეში, რომელიც მისი განცხადებით, დაკავებისას მიღებული დაზიანების შედეგია. ასევე, განმარტა, რომ მისი დაკავება მოხდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თუმცა, მისი მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა „ჩაუდეს“ და მისი არ არის.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 14 მარტს წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა დისციპლინური საქმისწარმოების დაწყება პოლიციელების მიერ განხორციელებული არაეთიკური ქმედებებისა ფაქტზე.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამგვარი ქმედებების მიმართ არაადეკვატური პასუხი ულახავს ავტორიტეტს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უკარგავს საზოგადოების ნდობას პოლიციას.
საქართველოს სახალხო დამცველი, აქვე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელონ ეთიკური ნორმების დაცვითა და ადამიანის უფლებების განუხრელი პატივისცემით.
რაც შეეხება შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტს - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირების განხორციელება და ფაქტის გამოძიება," - ნათქვამია განცხადებაში.