
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ვარშალომიძე, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მმართველი გუნდის ბრალდებებს პასუხობს და მომხდარზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
მისი თქმით, ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ მოიქცა ძალადობა და ვანდალური ქმედებები დროულად არ აღკვეთა.
ვარშალომიძე ამბობს, რომ ბათუმში 11 მარტს განვითარებული მოვლენები, პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესებში შედიოდა.
„ბათუმში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცის, რომ ეს სპონტანური აქცია არ გამოწვეულა და არ გამოუწვევია საპატრულო პოლიციის მიერ იმ კონკრეტულ დღეს დაწერილ ჯარიმას, ეს ჯარიმა იყო ბოლო წვეთი იმ უსამართლობისა, ნეპოტიზმისა, კორუფციისა და მძიმე სოციალური ფონისა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში დაგროვდა ჩვენს რეგიონში და მთლიანად საქართველოში,“ - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.