-
2017-02-18 17:13
მედიაჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა", მასში შემავალი მედიარესურსებით უერთდება "რუსთავი-2"-ის პროტესტს და მხარს უჭერს სამაუწყებლო კომპანიის ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ.
"აფხაზეთის ხმა" აცხადებს, რომ "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ მიმართული პროცესები საფრთეს უქმნის დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებს, დარტყმის ქვეშ აყენებს თავისუფალ სიტყვას. მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უხეში ჩარევის, მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული ქმედებებია, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრირებას ითვალისწინებს.
ეს პროცესები, რომელთა უკან აშკარად დგანან ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ უკვე გაკეთებული არჩევანის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებიცაა, ამიტომ, მიზანშეწონილად და აუცილებლად მიგვაჩნია, სრული შემადგენლობით შევუერთდეთ "რუსთავი-2"-ის მხარდამჭერ საპროტესტო აქციას, რომელიც 19 თებერვალს, 14:30 საათზე, რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი.
"აფხაზეთის ხმა" მოუწოდებს ერთგულ მსმენელებსა და მაყურებლებს, მკითხველებს, ერთად დავუჭიროთ მხარი "რუსთავი-2"-ს, რათა აღვკვეთოთ ჯაჭვური რეაქცია, რომელიც თავისუფალი მედიის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუკი დღეს არსებული "რუსთავი-2"-ის მაუწყებლობა შეიცვლება.
თავისუფალი სიტყვა ჩვენი არჩევანია და ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ეს მონაპოვარი.
მედიაჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა"