
ევრომაიდნის ერთერთმა აქტივსტმა ეკატერინე ბოლშაკოვამ, რომელსაც 18 თებერვალს ზურგში „ბერკუტის“ მიერ ნასროლი ხმოვან-მსხვრევადი ყუმბარა მოხვდა, ჩანახატი დაწერა და „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.
„აფხაზეთის ხმა“ ამ ჩანახატის თარგმანს გთავაზობთ:
„ეს „ბერკუტის“ ყუმბარისგანაა. ის მე ზურგში მომხვდა, როცა შეტევა დაიწყეს. მე, პრაქტიკულად, ბოლოს მოვდიოდი - ასე, 75 წლის ბებო გამომყავდა ინსტიტუტსკაიას ქუჩიდან.
ზურგჩანთა მქონდა მოგდებული - ხარისხიანი, დამცავებითა და სამაგრებით. მისგან მარჯვენა ღვედი, ტანსაცმლისგან - დაბამბული ნაწილი დარჩა. რომ არ ყოფილიყო ზურგჩანთა, არც მე ვიქნებოდი...
მერე, კედელს მივუყვებოდი და ტანით ბებოს ვფარავდი, რომელიც ცხვირამდე მწვდებოდა; მერე ტროტუარზე, ნაძვთან ვიდექი. ჩემს მიღმა მირბოდნენ ბერკუტელები და ოო, როგორი გააფთრებით ურტყამდნენ ყველას, ვისაც მოიხელთებდნენ:
მამაკაცებს, ქალებს, პრესას, წითელ ჯვარს... რამდენჯერმე ჩვენთანაც მოირბინეს, ხელჯოხი აღმართეს და შიგ ყურში ჩამძახეს: „მოგკლავ, ბოზანდარავ!“, მე კი, უბრალოდ, მშვიდად ჩავხედავდი ხოლმე თვალებში, რის შემდეგაც, რატომღაც, ხელჯოხს ჩამოუშვებდნენ და გაგვეცლებოდნენ...
მერე ერთმა ბერკუტელმა, რომელსაც ადამიანის მზერა ჰქონდა, თავისი ფარი გადაგვაფარა და უახლოეს მოსახვევამდე, მოფარებულში გაგვიყვანა. იქ უკვე იყვნენ 30-დე: 13 ქალი, 6-7 მამაკაცი-ბაბუა, 17 წლამდე ბიჭუნა, პრესა და 4 საშუალო ასაკის მამაკაცი.
ბაბუა მიწაზე იწვა, ორი ბერკუტელი ხელჯოხს ურტყამდა. კიდევ ორ მამაკაცს თავი სულ გასისხლიანებული ჰქონდა ჭრილობებისგან. ქალებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდათ: გოგონას წითელი ჯვრიდან ფეხი ჰქონდა ნატკენი, პრესის გოგონას - თავი გატეხილი და მუხლი დაზიანებული. ჰო, მეც ხომ მზეთუნახავივით ვიყავი... მაგრამ არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს ზურგზე.
მერე „ბერკუტი“ მორიგი ნადავლისკენ გაეშურა, ჩვემ კი დავრჩით: სისხლში ამოგანგლულები, დარეტიანებულები, სასომიხდილნი... ზოგს თითები ჰქონდა მოტეხილი (ხელჯოხების დარტყმისას თავს იფარავდნენ)... კიდევ კარგი, გოგონას წითელი ჯვრიდან თან აღმოაჩნდა შემორჩენილი ჩემოდანი წამლებით. გადავუხვიეთ, ვისაც სისხლი სდიოდა, რამდენიმეს ინექციაც გავუკეთეთ და სადარბაზოში შევიმალეთ - სულ 16 ადამიანი.
მე ვურეკავდი ნაცნობებს, ვუხსნიდი, სადაც ვიყავი და დახმარებას ვთხოვდი, ჟურნალისტები თავიანთ ოფისებში რეკავდნენ, მაშინვე შეაგდეს ინფორმაცია „ვ კონტაქტე“-ში და ჩვენთან მაიდნიდან წითელი ჯვარი მოვიდა.
ყველაზე საზარელი იყო იმის ნახვა, როგორ ურტყამდნენ ხალხს. სხვა საქმეა, როცა ამას უყურებ ახალი ამბების გადმოცემისას, ეკრანზე, მაგრამ სხვაა, როცა ეს ყველაფერი შენს თვალწინ ხდება. და, რაც მთავარია, როცა ხედავ მათ თვალებს, ვინც ურტყამს.
სხვათა შორის, ორი მძევლად აყვანილი ბერკუტელი პირადად ჩემმა საშამ წაიყვანა საავადმყოფოში, მესამე კი, უბრალოდ, ბარიკადებს მიღმა გაუშვეს - თავიდან, შეიძლება, სცემეს, მაგრამ მერე მათთვის ხელი არავის უხლია.
რაც შეხება ჩემს პირად მდგომარეობას - თავიდან ბოლომდე რაც გამდევდა, გაწონასწორებულობა იყო. ყველაფერს, რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა, მე ვხედავდი, მაგრამ არც ერთი წუთით არ მიგრძვნია შიში, აგრესია, სიძულვილი, სასოწარკვეთა...
და მიხარია, რომ ეს ასე იყო და არა სხვაგვარად...“