
ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა სასამართლო სხდომა უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გაიმართება სხდომა, არ აქვთ არც უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში.
რუსთავი 2-ის იურისტები ამბობენ, რომ არაერთი პროცესუალური დარღვევის გამო, საქმე ქვემო ინსტანციაში უნდა დაბრუნდეს. უზენაეს სასამართლოს კი გადაწყვეტილება მხარეების მოსმენისა და მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ უნდა მიეღო, რისთვისაც აუცილებელი იყო მათი სხდომაზე დასწრება. ადვოკატების თქმით, ,,რუსთავი2“-ის საქმე მკვეთრად პოლიტიზირებულია.
„თუ ვივარაუდებთ, რომ ამ საქმეში რაიმე შუაში არის ქართული კანონმდებლობა და არსებული სასამართლო პრაქტიკა, მაშინ ჩვენ სანერვიულოდ საერთოდ არ გვაქვს საქმე, თუმცა მაშინ, როდესაც ქვეყანას მართავს არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი, რომელმაც გააუქმა ყველა ინსტიტუტი და დაიქვემდებარა ყველა ინსტიტუტი, ხელისუფლებს ყველა შტო საქართველოში, გამორიცხული არაფერია, ვინაიდან სასამართლოც გაუქმებულია, საკონსტიტუციო გაუქმებულია, პარლამენტიც.
ხელისუფლების აღმასრულებელი შტო პრაქტიკულად მისი ოჯახის ხელქვეითებისგან შედგება, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიყოთ საბრძოლო რეჟიმში, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი ტიპის განვითარებისთვის და ეს ასეც არის. მე მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ რუსთავი 2-ს,“-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.