გიორგი კავკასიძე: ეროვნული ტრიადა VS დემოკრატიული ფასეულობები

Image

გთავაზობთ ბიზნესმენ გიორგი კავკასიძის საინტერესო ანალიტიკურ ბლოგს, სადაც ჰეგელის იდეალისტურ ფილოსოფიაში გამოყენებული იდეის სამსაფეხურიანი განვითარების კუთხითაა განხილული საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები და ზოგადად, პროცესი. 

 

"2012 წლის ნოემბერში ჩემს ფეისბუქის გვერდზე დავწერე - საპარლამენტო არჩევნებში ძველმა ტრადიციულმა ფასეულობებმა მოუგეს ახალ (მოსახლეობისთვის გაუგებარ) ფასეულობებს. 

 

ამ მოსაზრების სიმართლეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როდესაც რამდენიმე დღის წინ ბ-ნ ალექსანდრე ჯეჯელავას ლექცია “აღმოვაჩინე” ინტერნეტში, სახელწოდებით “ ქართული ხალხური პროფესიული ზღაპრები” (ვიდეო თანდართულია, - რედ.) 

 

ცნობილია, რომ ყველა ერის ფასეულობების ჩამოყალიბებაში დიდი როლი აქვთ ზღაპრებს, ხალხურ სიბრძნეს. თითქმის ყველა ქართულ ზღაპარში სიკეთე ამარცხებს ბოროტებას და როგორც წესი, ზღაპრის გმირი იმარჯვებს.

 

ასეთი გმირები არიან: ნაცარქექია, ნახევარქათამა, ხუთკუნჭულა, ასფურცელა, წიქარა და სხვები. როგორც ბატონი ალექსანდრე აღნიშნავს, ამ გამარჯვებულ გმირებს სამი ძირითადი “ხერხი” აქვთ:

 

1. ტყუილი (ეშმაკობა, ხრიკი)
2. ძალადობა
3. ჯადო

 

ეს არის სამი ძირითადი “ხერხი” ან გნებავთ სტრატეგია, რომელსაც მე “ეროვნული ტრიადა” ვუწოდე და რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქვეცნობიერში “ილექება”. როგორც ბ-ნი ჯეჯელავა მართებულად აღნიშნავს, ქართული ზღაპრების გმირების გამარჯვების “სტრატეგიაში” არ შედის არც სწავლა-განათლება და არც შრომა. ზღაპრის გმირს არ სჭირდება სწავლა - მან “ყოველთვის ყველაფერი იცის”. ხოლო შრომის და გარჯის მაგივრად იგი “ჯადოს” იყენებს.

 

თუ “ხალხური ზღაპრების” კონტექსტში განვიხილავთ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, შეიძლება ითქვას რომ 2012 წლის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" კი არა ტრადიციულმა ქართულმა ფასეულობებმა, იგივე “ქართულმა ტრიადამ” მოიგო - რომლის განსახიერება იყო ბიძინა ივანიშვილი. უბრალო სოფლის ბიჭი, რომელმაც ხრიკებით, ძალადობით, “ჯადოს” დახმარებით მიაღწია საწადელს - 6 მილიარდი დოლარის ქონების პატრონი გახდა.

 

ბევრს უკვირს - როგორ მოხდა რომ ბ.ივანიშვილმა ასეთი პოპულარობა მოიპოვაო. იმიტომ, ბატონებო, რომ ბ. ივანიშვილი ქართველი ამომრჩევლისთვის ნაცარქექიაც არის, ხუთკუნჭულაც, ასფურცელაც და სხვა ქართული ზღაპრების "კრებითი გმირი". მოსახლეობამ ხმა მისცა თავისი ქვეცნობიერის “გმირს”, იმ იმედით რომ იგი ერთი ხელის მოსმით მათ მდიდრებად და ბედნიერებად აქცევდა (“ჯადო”).

 

"ეროვნული ტრიადა” - როგორც ფასეულობების სისტემა, ხსნის არა მარტო ბ.ივანიშვილის პოპულარობას, არამედ იმ აგრესიას და სიძულვილს ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რომელიც კარგად მოფიქრებულმა პროპაგანდამ დანერგა “ნოყიერ ნიადაგზე”.
მათ ვინც გამუდმებით ლაპარაკობს ნაცმოძრაობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე და “სისხლიან 9 წელზე”, რატომღაც ავიწყდებათ იგივე ან უარესი დანაშაულები, რომლებიც 1991-2003 წლებში ხდებოდა.

 

ბევრი საუბრობს 2007 წლის ნოემბრისა და 2010 წლის მაისის მიტინგების დაშლაზე, მაგრამ ავიწყდებათ 1992 წლის 2 თებერვლის მიტინგის დახვრეტა.

 

მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების ახლიდან გამოძიებას, მაგრამ ავიწყდებათ უშიშროების საბჭოს მდივნის - ნუგზარ საჯაიას ბურუსით მოცული “თვითმკვლელობა”.

 

სანდრო გირგვლიანის სიკვდილის საქმე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა, ხოლო ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე “ჩაიფარცხა” და ნამდვილი მკვლელის (ან მკვლელების) ვინაობა ჯერ კიდევ გასარკვევია.

 

აღშფოთებით საუბრობენ ტელე-იმედის დარბევაზე, მაგრამ ავიწყდებათ სახელმწიფო გადატრიალება, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნა და მისი ბურუსით მოცული სიკვდილი.

 

რუსეთთან ბრძოლა ორივე პარტიის (მოქალაქეთა კავშირის და ნაციონალური მოძრაობის) მმართველობის პერიოდში მოხდა. ორივე შემთხვევაში რუსეთმა გაიმარჯვა, ორივე ომს მოჰყვა მსხვერპლი, ეთნოწმენდა, ლტოლვილები და სხვა ათასი უბედურება.

 

თუ შევადარებთ ამ ომების შედაგად მიღებულ მატერიალურ და ადამიანურ ზარალს, მოქკავშირმა გაცილებით მეტად “აზარალა” საქართველო, ვიდრე ნაცმოძრაობამ, მაგრამ აფხაზეთის ომი და ქვეყნის ტერიტორიების 20% -ის “დე ფაქტო’ დაკარგვა ე. შევარდნაძეს “შერჩა”, ხოლო 2008 წლის ომი და დაკარგული ტერიტორიები ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია მ. სააკაშვილის წინააღმდეგ.

 

აღარაფერს ვამბობ დსთ-ში საქართველოს “შეთრევაზე”, რუსულ “სამშვიდობოებზე”, ტოტალურ კორუფციაზე და სხვა “სიკეთეებზე” რაც 1992-2003 წლებს უკავშირდება.

 

მოკლედ, როდესაც ნაცმოძრაობის ოპონენტები საუბრობენ “სისხლიან 9 წელზე”, ისეთს ვერაფერს აღნიშნავენ, რაც მოქკავშირის მმართველობის პერიოდში არ მომხდარა. ამიტომ ბევრისთვის ძნელი გასაგებია რატომ “წაართვა” ქართველებს ღირსება ნაცმოძრაობამ და არ “წაართვა” მოქკავშირმა. რატომ “ებრძოდა ქართველობას” ნაცმოძრაობა და არ “ებრძოდა” მოქალაქეთა კავშირი. რატომ არ ჰქონია მოსახლეობას ასეთი აგრესია და ზიზღი ედუარდ შევარდნაძის და/ან მოქალაქეთა კავშირის მიმართ, როგორც მიხეილ სააკაშვილის და/ან ნაციონალური მოძრაობის მიმართ აქვს.

 

ჩემი აზრით ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე მარტივი პასუხები არსებობს - შევარდნაძე და მოქკავშირი არ დაპირისპირებიან ქართულ ფასეულობებს, არ უცდიათ ქართველების ტრადიციული ცხოვრების წესის, “ეროვნული ტრიადის” შეცვლა.

 

თანამედროვე დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დამკვიდრებაც ნაციონალურმა მოძრაობამ სცადა, პირდაპირ კონფლიქტში აღმოჩნდა “ეროვნულ ტრიადასთან” : მერიტოკრატია, კორუფციასთან ბრძოლა, ერთიანი ნაციონალური გამოცდები, კონკურსის წესით მიღება სამსახურში, ტენდერის წესით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები და სხვა “ახალი წესები” - კონფლიქტში აღმოჩნდა ტყუილთან, ძალადობასთან და ხრიკებთან.

 

ნულოვანი ტოლერანტობა დაუპირისპირდა ძალადობის “ ლეგიტიმურ უფლებას”. როგორც ერთმა ცნობილმა რეჟისორმა სავსებით გულახდილად თქვა “ქართველი კანონს უნდა არღვევდესო”, ანუ უნდა ძალადობდესო. ძალადობის დასჯა კი “არაქართული” გამოდის. ისევე როგორც არაქართულია “ჩაშვება” ანუ მოძალადის მხილება, ან სამართალდამცველების დახმარება დამნაშავის პოვნა/გამოვლინებაში.

 

პროფესიონალიზმის, სწავლის, დაუღალავი შრომის, ეკონომიკის განვითარების გარეშე რომ საქართველო მოსახლეობის კეთილდღეობა წარმოუდგენელია, ეწინააღმდეგება უშრომველად და/ან სხვის ხარჯზე “გაბრწყინების” მოლოდინს, იგივე “ჯადოს”.

 

2012 წელს პროდასავლური, დემოკრატიული ფასეულობები დაუპირისპირდა ეროვნულ ფასეულობებს და წააგო, რადგან 9 წლის (2004-2012) განმავლობაში არ მომხდარა ახალი, ფასეულობების პოპულარიზაცია-პროპაგანდა.

 

არავინ უხსნიდა მოსახლეობას რატომ ვერ გახდება კორუმპირებული ქვეყანა წარმატებული, რატომ არის ნეპოტიზმი ცუდი და მერიტოკრატია-კარგი, რატომ არის აუცილებელი ცოდნა და თანამედროვე განათლება აუცილებელი იმისთვის რომ ქვეყანა კონკურენტუნარიანი გახდეს, რატომ არის პროფესიონალიზმი აუცილებელი ეკონომიკის, მეცნიერების, ხელოვნების განვითარებისთვის.

 

რა როლი აქვს ეკონომიკის განვითარებას დემოკრატიის განმტკიცებაში, რა გასხვავებაა სიტყვის თავისუფლებასა და ცილისწამებას შორის, არჩევანის თავისუფლებასა და განუკითხაობის შორის, რას ნიშნავს კანონის პატივისცემა, და რატომ უნდა იყოს კანონიერება ცხოვრების აუცილებელი წესი და ა.შ.

 

ნაცმოძრაობის უდიდესი შეცდომა იყო, რომ არ ხდებოდა მოსახლეობის ინფორმირება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, ხალხთან კომუნიკაცია, ამომრჩევლების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. პრემიერ-მინისტრებს, მინისტრებს და სხვა მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებს ისე ხსნიდნენ და ნიშნავდნენ, რომ მოსახლეობა ვერც იმას იგებდა, რა “დააშავა” გადაყენებულმა ჩინოვნიკმა და ვერც იმას, რა დამსახურებით ინიშნებოდა მისი შემცვლელი.

 

მოსახლეობის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებამ და ფასეულობების “ცდომამ” მოსახლეობისა და ნაცმოძროაბისა გაუცხოება გამოიწვია. მტრული სპეცსამსახურების მიერ წარმოებულმა, ქართველის ფსიქოტიპზე “მორგებულმა ” პროპაგანდამ და “ჭორების მანქანამ” კი ეს გაუცხოება სიძულვილის ხარისხამდე აიყვანა.

 

ამას დაემატა “ეროვნული ტრიადის” ძლიერი და გავლენიანი მფარველის - ეკლესიის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში. რომელმაც ეს სიძულვილი და აგრესია კიდევ უფრო გააღვივა.(დღეს, როდესაც ნაცმოძრაობა აღარ არის ხელისუფლებაში, სიძულვილისა და აგრესიის სამიზნე დასავლური ცხოვრების წესი და დემოკრატიული ფასეულობებია)

 

მოკლედ, მოსახლეობის “განათლების”, პროცესებში ჩართვისა და მოტივაციის ნაცვლად ხდებოდა “უცხო” ფასეულობების “იძულების წესით” დანერგვა. რამაც მოსახლეობის სრულიად ბუნებრივი უკურეაქცია გამოიწვია. იმის გამო რომ ნაცმოძრაობა ქართველების წმინდათა წმინდას - “ეროვნულ ტრიადას” იგივე ნაციონალურ ფასეულობებს (ან გნებავთ ტრადიციებს) დაუპირისპირდა, მოსახლეობამ “შეიზიზღა და შეიძულა” ნაცმოძრაობა.

 

ჩემი აზრით სწორედ ეროვნულ ფასეულობებთან დაპირისპირება გახლავთ ნაცმოძროაბის “დანაშაული” და მოსახლეობის ასეთი აგრესიის მიზეზი და არა მხოლოდ მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომები (რომლებიც ყველა მთავრობას ჰქონდა და ექნება). ეს ზიზღი და მიუღებლობა უფრო ქვეცნობიერი მგონია, ვიდრე ცნობიერი, გააზრებული.

 

თუ ჩემი მოსაზრება სწორია, მაშინ ახლო პერსპექტივაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები ძალიან დაბალია (ისევე როგორც სხვა რომელიმე პროდასავლური პარტიისა). არჩევნებში გაიმარჯვებს ის პარტია, რომელიც მორიგ “ჯადოს” შესთავაზებს ამომრჩეველს.

 

ხოლო ის, რომ “ეროვნული ტრიადა” არ შეცვლილა და "თავს კარდგა გრძნობს" ძალიან მალე აშკარა გახდა. არჩევნების შემდეგ სულ რამდენიმე თვეში დაბრუნდა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ნეპოტიზმი, “ნათესავების დანიშვნები”, გაიზარდა ძალადობის ფაქტები - ქურდობები, მკვლელობები, ყაჩაღური თავდასხმები, განახლდა ხალხის გატაცებები და მანქანების ქურდობები.

ამ ყველაფერს კი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მშვიდად ადევნებს თვალყურს, რადგან ყველაფერი კარგად ცნობილი “ეროვნული ტრიადის” ჩარჩოებში ხდება.

 

გიორგი კავკასიძე, 2014 წელი. 

 

kavkasidze.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !