
32 წლის შვეიცარიელი მხატვარი მილო მუარესი გაშიშვლდა და კიოლნის (გერმანია) ქუჩაში ტრანსპარანტით ხელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იდგა. ტრანსპარანტზე ეწერა: "პატივი გვეცით, რადგან ჩვენ არ უნდა ვიყოთ თავდასხმის ობიექტები მაშინაც კი, როცა შიშვლები ვართ!".
პოლიციას ამ ორიგინალური აქციის მსვლელობისთვის ხელი არ შეუშლია, თუმცა, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მხატვარს სთხოვეს, მათ განყოფილებაში გაჰყოლოდა, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა კიდეც.
მხატვარი განსაკუთრებით აღაშფოთა ადგილობრივი მერის განცხადებამ, რომელმაც ქალებს მოუწოდა, თავი შორს დაეჭირათ და დისტანცია (გაშლილი მკლავის სიშორეზე) დაეცვათ პოტენციური თავდამსხმელებისგან. მხატვარი მიიჩნევს, რომ ქალები არ უნდა იყვნენ დაშინებულები.
შეგახსენებთ, გერმანიის რამდენიმე ქალაქში გახშირდა ქვეყანაში შემოსულ მიგრანტთა თავდასხმები მოქალაქეებზე. თავდასხმის ობიექტები, უმრავლეს შემთხვევაში, ქალები არიან. ამ თავდასხმებმა გერმანიაში საპროტესტო აქციები გამოიწვია. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან უფრო აქტიურ ქმედებას ითხოვს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანელმა პოლიციელებმა მიიღეს დავალება, არ გაასაჯაროვონ მიგრანტების მხრიდან ადგილობრივ ქალებზე თავდასხმის ფაქტები. უფრო სწორად, მათ დახურულ სხდომაზე დაავალეს, რომ ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გასცენ, რაც პოლიციაში მედიის მხრიდან მსგავსთა არსებობის შესახებ ინფორმაციაზე ოფიციალური მოთხოვნა შევა.