
ფარული ჩანაწერები საჯაროდ უნდა განადგურდეს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ინიციატივა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაახმიანეს, სპეციალური კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, აუცილებლად განსახორციელებელია. თუმცა აქაც არსებობს რისკები, ამიტომ ეს საკითხი კარგად უნდა იყოს შესწავლილი, - აცხადებს წულუკიანი. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობის ჩაგვრა ბარბაროსობაა. "ეს ადამიანები, გეები გამოდიან, რათა თქვან "გამარჯობა, ჩვენ ვარსებობთ," რადგან ისინი ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვეპლები, მათ შორის თავიანთი მშობლების მხრიდანაც. ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა ბიჭი იღვიძებს და ხვდება, რომ მას ქალი კი არ მოსწონს, მოსწონს კაცი. ასეთი რაღაცები არსებობს, ეს ამ ადამიანების გამოგონილი არ არის. როდესაც ადამიანი იღვიძებს ასეთი განცდით და იმის გათვითცნობიერებით, რომ მე ვარ უმცირესობა. არ შეიძლება რომ ამის გამო მას ვინმე თავს დაესხას, გალახოს, რადგან ეს არის ბარბაროსობა. ეს არ არის ჩვენი ქართული საზოგადოების სახე, მე ამის მწამს,” - აღნიშნა წულუკიანმა. მისივე თქმით, არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანები ერთმანეთს უჭვრიტინებდნენ, ვის ვისთან სძინავს.