-
2015-10-12 16:00
მოსკოვში, სტელბიშევსკის შესახვევში მდებარე კონსპირაციულ ბინაში დაკავებული 15 სავარაუდო ტერორისტიდან სამი სირიელია, დანარჩენები კი ჩრდილოკავკასიელები, მათ შორის, ჩეჩნებიც.
ბინაში ასაფეთქებელი მოწყობილობები ფსბ-მ აღმოაჩინა და ეჭვმიტანილებიც დააკავა. ფსბ-ს სპეცრაზმის ბინაში გამოჩენიდან ცოტა ხანში ადგილზე პოლიციაც მივიდა, რომელიც ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალმა გამოიძახა. ქალს საეჭვოდ მოეჩვენა სიტყვა "დეტონატორი", რომელიც სადარბაზოში დაბალ ხმაზე მოლაპარაკე მამაკაცებისგან წარმოთქმული გაიგონა. მამაკაცები შავ ფორმებში იყვნენ ჩაცმული. როგორც აღმოჩნდა, შავფორმიანები ფსბ-ს თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ბინაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შევიდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები მოსკოვის მეტროს სადგურებსა და აეროპორტებში ტერაქტებს გეგმავდნენ და ამისთვის, ფაქტობრივად, ყველაფერი მზად ჰქონდათ. ოფიციალური ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობები და დეტონატორები. ერთერთი ვერსიით, აფეთქებები მობილური ტელეფონის მეშვეობით უნდა მომხდარიყო. წინასწარი ინფორმაციით, აფეთებათა სერიის დაგეგმვა წააგავს იმ ტერორისტთა ხელწერას, რომლებმაც ტერაქტი ანკარაში მოაწყვეს.