სამშაბათს ისრაელს რუსეთის სამხედრო დელეგაცია ეწვევა, რათა ებრაულ მხარესთან განიხილოს, როგორ აიცილონ თავიდან შემთხვევითი შეტაკებები სირიაში მიმდინარე ოპერაციის დროს.
ისრაელის პრემიერმა და ვლადიმირ პუტინმა ამ მიზნით სპეციალური ჯგუფების შექმნაზე 21 სექტემბერს მოილაპარაკეს, რადგან მოსკოვმა გაზარდა სამხედრო მხარდაჭერა ბაშარ ასადის რეჟიმის მიმართ.
ისრაელი შიშობს, რომ სირიაში რუსეთის შეიარაღების განთავსება, მათ შორის, უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების, ისრაელისა და რუსეთის ძალების შეჯახებებს გამოიწვევს. მეზობელ სირიაში მიმდინარე დსაპირისპირების დროს, ოთხი წლის განმავლობაში, ისრაელმა არაერთხელ შეუტია სირიის შეიარაღებულ ძალებს და დამასკოს მოკავშირე დაჯგუფება „ჰეზბოლას“.
ისრაელში რუსეთის დელეგაციას შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ბოგდანოვსკი უხელმძღვანელებს, რომელიც კოლეგას - ისრაელის არმიის გენშტაბის უფროსის მოადგილეს იარ გოლანს შეხვდება.
შეხვედრა თელ-ავივში გაიმართება. როგორც „როიტერი“ ინკოგნიტო წყაროზე (ოფიცერზე) დაყრდნობით წერს, მხარეები აპირებენ, სირიაში საჰაერო ოპერაციების, ასევე „ელექტრომაგნიტური კოორდინაციის“ შესახებ მოილაპარაკონ. ამ უკანასკნელში, სავარაუდოდ, იგულისხმება შეთანხმება, რომ არ ჩაერიონ ერთმანეთის რადიოკავშირში და სამხედრო კომუნიკაციის სხვა სახეობებში, ასევე, მეორე მხარის ძალების იდენტიფიკაციის საშუალებების დამუშავება, რათა ბრძოლებში არასასურველი კონფრონტაცია აიცილონ თავიდან.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, „როიტერი“ წერს, რომ მხარეები განიხილავენ სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან საზღვაო ოპერაციების კოორდინირების საკითხსაც. სწორედ ამ სანაპიროზე მდებარეობს მოსკოვის ერთერთი უდიდესი სამხედრო-საზღვაო ბაზა.
"როიტერი", დენ უილიამსი.