
იუსტიციის მინისტრი რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ტელევიზიის მაუწყებლობას საფრთხე არ უნდა შეექმნას.
"ჩვენი მიზანია, ეს უფლება იყოს ზედმიწევნით დაცული. "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მხარეებს შორის დავა მიმდინარეობს, ამ დავის განხილვა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის ჩემი საქმე. მე ერთადერთს ვისურვებდი, რომ მოსამართლემ მშვიდ გარემოში და ამის საშუალება მოსამართლეებს ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ამ საქმის განხილვა, რომ ემოციური ფონი, რაც ამჟამად არის, რაც შეიძლება მალე დაცხრეს და ჟურნალისტებს მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება. მიხარია, რომ "რუსთავი 2"-ს დღეს არ აქვს შეფერხებები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საჯარო რეესტრთან დაკავშირებით კი მინისტრმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრმა განცხადება გამოქვეყნა და იმ დღესვე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მინდობილობა უნდა გასწორებულიყო.
,,მე ვისურვებდი რომ არც ერთმა, მათ შორის მედია ხელმძღვანელმა არ დააკნინოს მისი როლი, რადგან საჯარო რეესტრის ფუნქცია არის ბიზნესმენებს შორის თანაბრად დაიცვას მხარეები.
დღემდე ეს მინდობილობა გასწორებული არ არის. როგორც კი გასწორდება საჯარო რეესტრი, როგორც ყველა სხვა საქმეზე, ამ რეგისტრაციას დაარულებს. კერძო დავაზე კი ვისურვებდი, რომ მოსამართლემ რაც შეიძლება მალე დაასრულოს განხილვა თუკი ამის შესაძლებობა აქვს, რომ ჟურნალისტებს ნორმალური, ემოციებისგან დაცლილი საქმიანობის საშუალება მიეცეთ", - განაცხადა წულუკიანმა.