
ამერიკელი პოლიტოლოგი და სტრატეგიული კვლევითი ცენტრის Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი მიმოხილვას ვებგვერდ Heritage.org-ზე აქვეყნებს. მისი აზრით, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ და თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა საჯაროდ უნდა განაცხადონ, რომ საქართველოს არ სჭირდება MAP-ი ნატო-ში შესასვლელად.
ლუკ კოფი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია სერიოზული თავდაცვითი რეფორმების განხორციელება და უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობა იმაზე მეტად, ვიდრე ნატო-ს ბევრ წევრს.
ამერიკელი ანალიტიკოსი რუსეთის დაუსრულებელ აგრესიაზეც საუბრობს.
“რუსეთი სამხრეთ კავკასიას მიიჩნევს, როგორც მისი გავლენის ბუნებრივ სფეროს და მზადაა რეგიონში გავლენისთვის საჭიროების შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთი შეიჭრა საქართველოში, და თბილისს 15 მილის დაშორებით მიუახლოვდა. შვიდი წლის შემდეგ, რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის – ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებას, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს. 2015 წლის 16 ივლისის შემდეგ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხოების ძალები იმ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ღობეს სწევენ, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს ჰყოფს – და საქართველოს უფრო მეტ ტერიტორიას აქცევენ რუსეთის კონტროლქვეშ. ბოლო მსგავსი ინციდენტი 10 აგვისტოს მოხდა”, – წერს ლუკ კოფი.
იგი ასევე ახსენებს რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან “ინტეგრაციის ხელშეკრულებების” გაფორმებას. ამერიკელი პოლიტოლოგი საქართველოს მიერ ნატო-სკენ მიმავალ გრძელ გზაზეც წერს:
“2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ნატო-ს წევრობას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, ალიანსის ყველა წევრს მხარდაჭერა არ გამოუჩენია. ეს განსაკუთრებით სიმართლეს წარმოადგენს ნატო-ს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც უხერხულად ახლო კავშირები აქვთ რუსეთთან. ნატო-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა შეშფოთებულია, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლა გამოიწვევს ავტომატურად ომს რუსეთთან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის”.
ლუკ კოფის თქმით, ნატო-ს ბოლო ორი სამიტის დროს, საქართველო იმედოვნებდა, რომ მიიღებდა “გაწევრიანების სამოქმედო გეგმას” (MAP-ს), მაგრამ ასე არ მოხდა. “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის არ სჭირდება MAP-ი, რუსეთი საქართველოს გამუდმებულ მარცხს მოიპოვოს MAP-ი ნატო-სგან, იყენებს, როგორც პროპაგანდის გამარჯვებად”, – აღნიშნავს ლუკ კოფი.
ამერიკელი პოლიტოლოგი საქართველოს ტრანსატლანტიკურ გზაზე აშშ-ის როლზე საუბრობს: “აშშ-მა უნდა გამოიყენოს ხიდაშელის ვიზიტი იმისათვის, რომ აღიაროს საქართველოს მიერ ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.
-აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს დაიცვას საკუთარი თავი. თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი. აშშ-მა უნდა მიჰყიდოს თავდაცვითი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება – როგორიცაა FGM-148 ჟაველინ, და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება საქართველოს. საქართველო რუსეთის მხრიდან აგრესიის მუდმივი საფრთხის ქვეშაა", - წერს ანალიტიკოსი.
პრაიმტაიმნიუსი