
გეგუთის კოლონიასთან ვითარება შუადღისას დაიძაბა. პატიმრების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა დაწესებულებაში შეჭრა სცადეს.
ისინი ციხის დირექტორთან შეხვედრასა და პატიმრების მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებას მოითხოვენ.
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის განცხადებით მსჯავრდებულების მოთხოვნებზე გამოძიება უკვე დაიწყო.
"ჩემს კომპეტენციას ეს არ განეკუთვნება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გამოძიება იმ ფაქტზე, რაზეც თავიდან ჰქონდათ პრეტენცია, დაწყებულია, მაგრამ მათი მოთხოვნა არა გამოძიება, არამედ ადმინისტრაციის შეცვლაა. ადმინისტრაციის შეცვლა, ჩემი ინფორმაციით, არ მომხდარა, ხოლო პატიმრები აგრძელებენ თავისი მოთხოვნის წაყენებას", - განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, არც ერთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:
"პირადად გუშინ ექიმებთან ვიმყოფებოდი გეგუთის დაწესებულებაში, საიდანაც 17 მსჯავრდებულის გადაყვანა მოხდა სამოქალაქო კლინიკებში. მათ აღმოუჩინეს დახმარება და დააბრუნეს უკან.
14 ადამიანს პენიტენციური ჯანდაცვის ექიმებმა და გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. დღეს დილიდან ვითარება იყო სტაბილური. არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა თალაკვაძემ.
გასულ ღამეს გეგუთის ციხეში 46 მსჯავრდებულმა თვითდაზიანება მიიყენა. როგორც თავად მსჯავრდებულები აცხადებენ, მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დაწესებულებაში სპეცრაზმის შემოსვლა იგეგმებოდა.