
რუსულ ინტერნეტსივრცეში, ონლაინრადიოს ფორმატში მაუწყებლობს პერსონალური რადიო „ГОЛОС АБХАЗИИ“, რომელიც, სავარაუდოდ, რადიო „აფხაზეთის ხმის“ ალტერნატიულ რესურსადაა ჩაფიქრებული.
როგორც ცნობილია, რადიოსადგური „აფხაზეთის ხმა“ 2007 წელს დაარსდა და მისი პრიორიტეტი სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობა გახლდათ.
ამ მიზნით, რადიოს ეთერში დიდი დრო ეთმობოდა სწორედ აფხაზეთის თემატიკას, მაუწყებლობდა რუსულენოვანი საინფორმაციო გამოშვებები, ამასთან, ზუგდიდში დამონტაჟდა გადამცემი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფდა.
რადიომ მოკლე ხანში მოიპოვა პოპულარობა არამარტო აფხაზეთის ქართულენოვან, არამედ რუსულ და აფხაზურენოვან მოსახლეობაშიც.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსული პროპაგანდა სხვადასხვა მეთოდებით ამოქმედდა ნებისმიერი იმ ქართული მედიარესურსის სიგნალის გავრცელების წინააღმდეგ, რომელსაც იქაური მოსახლეობა შეუფერხებლად იღებდა.
ქართული მედიის საწინააღმდეგო ქმედებებში შედის ასევე მათივე მოსახელე, ალტერნატიული ონლაინმედიასაშუალებების შექმნა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნითაა შექმნილი რადიოსადგური „ГОЛОС АБХАЗИИ“-ც. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რადიოსადგურის მომწონებელთა შორის არიან უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველებიც.
ჯერჯერობით, „ГОЛОС АБХАЗИИ“-ს პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს - არ გადის საინფორმაციო გამოშვებები, სხვადასხვა გადაცემები - ეთერი მხოლოდ „ახალგაზრდა აფხაზ შემსრულებლებს“ (როგორც აღწერაშია ნათქვამი) და აფხაზურ ხალხურ მუსიკას ეთმობა, თუმცა, როგორც ანალოგიურ შემთხვევებში ხდება, სავარაუდოდ, ეს ონლაინსადგურიც საბოლოოდ მაინც რუსული პროპაგანდის მიზნით იქნება გამოყენებული.