
გეგუთის კოლონიიდან ქუთაისის მიმართულებით მთელი ღამის განმავლობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები მოძრაობდნენ - მათ დაჭრილი პატიმრები გადაჰყავდათ.
წინასწარი ინფორმაციით, პატიმრები თვითდაზიანებები მიიყენეს. მათ, ძირითადად, მჭრელი საგნით ზედა კიდურებზე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებათ.
პატიმრები ქუთაისის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაანაწილეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის, სხვადასხვა მონაცემებით, ათამდე პატიმარია დაჭრილი.
უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ მომხდართან დაკავშირებით უკვე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ გეგუთის კოლონიაში პატიმრების პროტესტი სპეცრაზმის შეყვანის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და ადმინისტრაციის მხრიდან უხეშმა მოპყრობამ გამოიწვია.
დილიდან პატიმრებთან შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენლები გეგმავენ. მომხდართან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება სასჯელაღსრულების სამინისტროშიც.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია