
საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის მიუხედავად, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტი საქართველოს მხრიდან არ შედგა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. როგორც ჩანს, სიურპრიზი ოლიმპიადის დახურვაზეც გველოდება.
ამის თქმის საფუძველს ის ფაქტორი იძლევა, რომ ოლიმპიადის დახურვის დღე 23 თებერვალს ემთხვევა. ანუ, დღეს, როცა რუსეთში „სამშობლოს დამცველთა დღე“ აღინიშნება.
სხვათა შორის, ამ დღის, როგორც „ბიჭების დღის“ აღნიშვნა საქართველოშიცაა შემორჩენილი და ეს სათავეს საბჭოთა წარსულიდან იღებს, როცა 23 თებერვალი, საბჭოთა არმიისა და ფლოტის დღე, აღინიშნებოდა, როგორც „ბიჭების დღესასწაული“.
დავუბრუნდეთ რუსეთს. როგორც ცნობილია, სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე წარმოდგენილ რგოლში რუსეთის ისტორიის შესახებ მითი არგონავტებზე წარმოდგენილი იყო, როგორც რუსული ცივილიზაციის სიძველის დადასტურება.
ამასთან, რგოლში, სადაც საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ისტორია იყო აღწერილი, არ ყოფილა ასახული მეორე მსოფლიო ომი და ზოგადად, სამხედრო თემატიკა. ნურავინ იფიქრებს, რომ გახსნის ცერემონიის ორგანიზატორებს რაიმე გამორჩათ: მათ ომის ამსახველი უამრავი ფოტო მოამზადეს, მაგრამ ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო ჯგუფის კატეგორიული მოთხოვნით, სლაიდიდან ამოიღეს: ნებისმიერ ოლიმპიურ ან ოლიმპიადასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე აკრძალულია სამხედრო თემატიკის შემცველი მასალების გამოყენება.
როგორც ყველა გარემოება ცხადყოფს, სხვაგვარი სიტუაცია იქნება 23 თებერვალს, როცა ოლიმპიადის დახურვა უნდა ჩატარდეს. ჯერ ერთი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იმდენად დიდ ყურადღებას არ აქცევს დახურვის ცერემონიის დეტალებს და, მეორეც, რუსეთს, უბრალოდ, შეუძლია, თავისი გაიტანოს - სამხედრო თემატიკის შემოტანა ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში, სავარაუდოდ, სწორედ 23 თებერვალთან დაკავშირებითაა დაგეგმილი.
თანაც, როგორც „აფხაზეთის ხმას“ მოსკოვში მცხოვრებმა, ქართველთა სათვისტომოსთან დაახლოებულმა პირმა უთხრა, ყველაფერი, ასე ვთქვათ, „მშვიდობის ეგიდით“ მოხდება: წინასწარი ინფორმაციით, სტადიონზე დაგეგმილია იმის გამოცხადება, რომ 23 თებერვალს რუსეთში სამშობლოს დამცველთა დღე აღინიშნება, ხოლო ამ ქვეყნის სამხედროებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი მშვიდობის დამყარებაში პოსტსაბჭოთა პერიოდის კონფლიქტურ რეგიონებში.
სავარაუდოდ, ტექსტი გამდიდრებული იქნება რუსეთის სამშვიდობო ძალების მისიის ამსახველი ფოტოკოლაჟით, მათ შორის, ფოტოებით/კადრებით აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. ტექსტში, ასევე, ხაზგასმული იქნება, რომ მრავალი რუსი ჯარისკაცი მშვიდობისთვის ბრძოლაში დაეცა და ნაჩვენები იქნება მათი ფოტოებიც, მათ შორის, რასაკვირველია, 2008 წელს მოკლული ცისფერჩაფხუტიანებისაც.
ერთერთი ვერსიით, დაგეგმილია წუთიერი დუმილით პატივის მიგებაც მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად, ვინც მშვიდობისთვის ბრძოლას შეეწირა, თუმცა, სცენარის ამ ბოლო ნაწილის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშაა დატოვებული:
„ეს რომ ასე იქნება, ეჭვიც არ მეპარება. თანაც, ამას სიურპრიზად ინახავენ და ბოლოს ფაქტის წინაშე დააყენებენ საქართველოს დელეგაციასაც, რომელსაც ფეხზე ადგომა მოუწევს აგრესორთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც და სხვა უცხო ქვეყნის დელეგაციებსაც. პუტინი ამით არაფერს კარგავს: ჯერ ერთი, შეუძლია თავი იმართლოს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობის თემას უკავშირდება და არა ომს, და მეორეც, ოლიმპიადა უკვე დასრულებული იქნება და არ აინტერესებს, რას იტყვის მსოფლიო“, - ამბობს „აფხაზეთის ხმის“ წყარო.
იმას, რომ დახურვის ცერემონიაზე „გასაიდუმლოებული შოუ“ იქნება, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ჩერნიშენკოც ადასტურებს:
„გახსნის ცერემონიაზე სტადიონი სავსე იყო და არცერთი თავისუფალი ადგილი არ დარჩენილა. ჩვენ ველოდებით, რომ დახურვის ცერემონიის მიმართაც არანაკლები ინტერესი იქნება. ჩვენ საიდუმლო შოუც კი მოვამზადეთ“, - ამბობს ის „რია ნოვოსტისთან“ საუბარში 8 თებერვალს.
ასე რომ, დიდი ალბათობით, საქართველოს დელეგაციას სოჭში, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე წინ პროვოკაციული და უსიამოვნო სიურპრიზი ელოდება.
ლაშა ბერულავა