-
2014-02-09 17:43
ინტერნეტით ვრცელდება სოხუმელი ჟურნალისტის თენგიზ პაჭკორიას ფოტო, რომელიც სოჭში ქართული დელეგაციის წევრის სტატუსით ჩასვლის გამო სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს.
თენგიზ პაჭკორია სტადიონზე სპეციალურად შეკვეთილი ტანსაცმლითა და პლაკატით მივიდა.
გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდაბნ, რომელიც მან "მსოფლიო სპორტს მისცა":
"პრეს-ლოჟაში გერმანელ, რუს, იაპონელ, უკრაინელ და მოლდოველ ჟურნალისტებთან ერთად ვიჯექი. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაციები კოლეგებზე და ვისაუბრეთ სპორტზე. მათ შეამჩნიეს, რომ საქართველოს დროშასთან ერთად მქონდა პლაკატი წარწერით “Georgia, Sokhumi”. ზოგიერთი კოლეგა მიმიხვდა ჩანაფიქრს - ეს პლაკატი ჩვენი სპორტული დელეგაციის სტადიონზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე რომ უნდა ამეწია.
კოლეგებმა გამაფრთხილეს: “მოემზადე, მალე საქართველოს დელეგაცია გამოვა”. პლაკატი “Georgia, Sokhumi“ 5 წუთის განმავლობაში მქონდა აღმართული – ვიდეოოპერატორები და ფოტოკორესპონდენტები მთხოვდნენ, პლაკატთან ერთად სხვადასხვა მხარეს შევტრიალებულიყავი რათა უკეთ გადაეღოთ ეს ეპიზოდი.
ეს ყველაფერი პრეს-ლოჟის იმ ნაწილში ხდებოდა, რომელიც საპატიო სტუმრების ლოჟის გვერდით და VIP-ლოჟის ქვემოთ იყო. საპატიო სტუმრების ლოჟიდან გავიგონე მისასალმებელი შეძახილები: "ბიჭო! გრუზია!”.
ვხედავდი, რომ სტადიონზე მიმავალმა ჩვენი სპორტული დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმაც დაინახა ეს პლაკატი პრეს-ლოჟის ტრიბუნაზე და ხელით მომესალმა, წინასწარ არ მითქვამს, ეს პლაკატი სოჭში რომ მომქონდა და ამიტომ მათთვის ეს ამბავი მოულოდნელი იყო.
იქვე პრეს-ლოჟაში რამდენიმე ჩემმა კოლეგამ კომენტარი მთხოვა "Georgia, Sokhumi" წარწერის შესახებ. მე მათ ჩემი პოზიცია ვუთხარი: “საქართველო ჩემი ქვეყანაა, სოხუმი კი – ჩემი მშობლიური ქალაქი. მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება და ეს მშვიდობიანად, ყველა მხარის თანხმობისა და კომპრომისის შედეგად მოხდება - მეთქი”.
