
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მინიმუმ, ოთხი ადამიანი დაიღუპა 13 ივნისს, ღამის საათებში თბილისში დაწყებული წყალდიდობის შედეგად. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ვერის დასახლებაში, ვაკე-საბურთალოს ახალი გზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიაზე.
ორი ქალის ცხედარი სვანაძის ქუჩაზე, ერთერთ დატბორილ სახლში იპოვეს, გარდაცვილია ასევე ზოოპარკის ერთი თანამშრომელი, ასევე მდნარე ვერემ წაიღო კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც, არსებული ინფორმაციით, დაიღუპა.
დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, რომელთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. ინფორმაცია წყალდიდობის შესახებ "ფეისბუქზე", ძირითადად, ჰეშტეგით #13ივნისი ვრცელდება. ვრცელდება ასევე ფოტოები თბილისის სხვადასხვა უბნებიდან.
"რუსთავი-2"-მა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ წაიღო ადიდებულმა მდინარე ვერემ საცხოვრებელი სახლი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ დატბორილი სახლებიდან შიგ მყოფი ადამიანები ფარნების ანთება-ჩაქრობით ცდილობდნენ უბედურების მაუწყებელი სიგნალი მაშველებისთვის გაეგზავნათ.
ჯერჯერობით არაა დაზუსტებული, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს. ცნობილია, რომ იქ მიწის მასის ქვეშ მანქანები შიგ მსხდომ ადამიანებთან ერთად მოჰყვნენ. მეწყერში მოყოლილთა შორის აშშ-ის მოქალაქეებიც არიან. წყნეთში ვერტმფრენები და სამხედროები გადაისროლეს.
კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარი, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში ჩატარდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი, ვიცეპრემიერი კალაძე, თბილისის მერი ნარმანია. შეიქმნა საგანგებო შტაბი, ჩატარდა პრემიერთან არსებული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. პრემიერის განცხადებით, ზარალმა მილიონობით ლარი შეადგინა.
წყალმა მთლიანად წალეკა ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, ქვედა ვოლიერებში მყოფი დათვები ცოცხლად დაიხრჩვნენ, წყალმა გაიტაცა ძაღლები, მათი ნაწილის გადარჩენა თავშესაფრის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა მოახერხეს - დაახლოებით 15 ძაღლია გადარჩენილი.
წყალმა მთლიანად დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რამაც ცხოველების გაქცევა გამოიწვია. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. შს მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიცია იძულებული გახდა, რამდენიმე მტაცებელი ცეცხლსასროლი იარაღით მოეკლა, ცხოველების უმრავლესობის წინააღმდეგ დასაძინებელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ვეფხვი, ლომი და აფთარი.
მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ არის. პირველად არ მომხდარა არც ზოოპარკის დატბორვა. ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებში. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.