
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები
მიესალმებიან საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებს და
მხარეებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით კონსენსუსისკენ
მოუოწდებენ. საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
მონიტორინგის თანამომხსენებლების ვიზიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია
ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სტატიის თარგმანს კი პრემიერის
აპარატი ავრცელებს. ევროსაბჭოს მომხსენებლების განცხადებით,
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს
მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს და ეს არის
მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ. თუმცა, მომხსენებლები აღინიშნავენ, რომ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გატარება კვლავინდებურად
წარმოადგენს უთანხმოების საგანს უმრავლესობასა და უმცირესობას
შორის. „შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, მიაღწიონ კომპრომისსა
და შეთანხმებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გარდამავალ
დებულებებთან დაკავშირებით, რითაც წარმოდგენა სასამართლო სისტემაზე,
როგორც დამოუკიდებელ ორგანოზე, მხოლოდ გამყარდება“, - განაცხადეს
თანამომხსენებლებმა. რაც შეეხება რეგიონალური და უმცირესობათა ენების
შესახებ ევროპული ქარტიის გარშემო მითქმა-მოთქმას, თანამომხსენებლებმა
აღნიშნეს, რომ ამის ძირითადი მიზეზი იყო არასწორი წარმოდგენები და
გაუგებრობა. მათი განცხადებით, ქარტია არის ინსტრუმენტი, რომელიც
აძლიერებს სახელმწიფოს ერთობას და საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის
შესახებ ბევრ ასპექტში გადაჭარბებით ასრულებს ქარტიის მოთხოვნებს.
მომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, სთხოვოს დახმარება ევროპას
სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად ყველა დაინტერესებული
მხარისათვის განკუთვნილი საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების
მოწყობაში. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს,
თანამომხსენებლებს ეცნობათ ადგილობრივ მოხელეებზე გადადგომისა თუ
პოლიტიკური კუთვნილების შეცვლის მოთხოვნით სავარაუდოდ
განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ევროსაბჭოს განცხადებაში წერია, რომ
მიუხედავად იმისა, რომ გადადგომა და პოლიტიკური კუთვნილების შეცვლა
დემოკრატიული პროცესის ნაწილია, მიუღებელია ამ პროცესში ძალისმიერი
მეთოდების გამოყენება. „შესაბამისად, თანამომხსენებლები მიესალმნენ
პრემიერმინისტრის გზავნილს, რომ ის შექმნის უშუალოდ მისთვის
დაქვემდებარებულ ქვედანაყოფს, რომლის პირდაპირი მოვალეობაც იქნება ამ
ბრალდებების გამოძიება ამგვარი მოქმედებების საჭიროებისამებრ შეჩერებისა
თუ კორექციის მიზნით. ამასთან, ასეთი ქვედანაყოფის შექმნა იქნება
გაფრთხილება ყველა მხარის პარტიული აქტივისტისათვის, რომ ზეწოლა
ადგილობრივ მოხელეებზე მიუღებელია“,- წერია განცხადებაში.
თანამომხსენებლები საკუთარი დასკვნებით მონიტორინგის კომიტეტის
წინაშე საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ სესიაზე 22-26 აპრილს წარსდგებიან.
მიქაელ აასტრუპ იენსენი და ბორის სილევიჩი საქართველოში 8-12 აპრილს
იმყოფებოდნენ.