-
2015-02-16 10:37
,,წავიკითხე ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ, რომელიც ბოკერიას განცხადებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა-მეთქი” - ამის შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ ,,კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,პირადი პატიმრებიო, რომ ამბობენ, რა მქონდა ირაკლი ალასანიასთან პირადული?! კონკურენტად რომ აღვიქვამდი, ამ განცხადებას მხოლოდ იუმორით თუ ვუპასუხებ - კონკურენტის იმდენად მეშინოდა, რომ თანამდებობა სწრაფად დავტოვე?! რამდენად საინტერესო იყო ეს პოსტი ჩემთვის და რამდენად ვეჭიდავებოდი პრემიერობას, ეს ჩემი ქმედებებით კარგად აიხსნება. თანაგუნდელებმა და მთავრობის წევრებმა კარგად იციან, ალასანიას რისთვის ვაკრიტიკებდი.
ერთ-ერთ პრესკონფერენციაზეც მკითხეს, ჯარში ჯარისკაცები სისტემატურად იწამლებიანო. მაშინ საჯაროდ დავპირდი, პროკურატურას დავავალებ გამოძიებას-მეთქი. ამის შემდეგ მთავრობის სხდომაზეც რამდენჯერმე ვთქვი და ალასანიას ისე მივანიშნე, რომ პროკურატურისგან არაფერი მომითხოვია. ისევ ალასანიას ვეუბნებოდი, როგორმე მოახერხე, შენ გყავს შენი ჯგუფი და თუ ძმა ხარ, როგორც შეგიძლია, ვითარება იქნებ დაალაგო-მეთქი. ეს იყო ჩემი პოზიცია _ მუდმივად თხოვნის პოზიციაში ვიყავი, რომ როგორმე კოალიცია არ დამერღვია და დამოკიდებულება შემენარჩუნებინა. სამი ტენდერიდან სამივე ჩააგდო და ისევ ძველი კომპანია დატოვა. არ ვიცი, გამოძიება რა დონეზე მიდის, მაგრამ ჩემი პრემიერობისა და ალასანიას მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტროში რეალური ტენდერითა და მოწვეული კომპანიებით კვების პროდუქტებით მომარაგება არ მომხდარა და მუდმივად ისმოდა, რომ ჯარისკაცები იწამლებიან", - განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის თქმით, ალასანიასთან სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა, მაგრამ არ სურს, მოვლენებს გაუსწროს.