
საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა დროულად გააკეთა ინტერვენცია და ლარი ჯანსაღად რეაგირებს პროცესებზე.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეცდომა დაუშვა, როცა სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, რადგან ეს ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას ამცირებს.
,,ჩვენ ძალიან სუსტი ეკონომიკა გვაქვს, 10-ჯერ და 15-ჯერ ნაკლებია ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე, სუსტი ეკონომიკის პირობებში ეროვნულ ვალუტაზე ნებისმიერი საგარეო მოვლენა ახდენს გავლენას – რეგიონში არსებული მძაფრი სიტუაცია მაქვს მხედველობაში.
დოლარი გამყარდა გლობალურ ეკონომიკაში, უკრაინაში და რუსეთში რთული მდგომარეობაა, ექსპორტი შემცირდა, შემცირდა ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხების რაოდენობა(მათ გაუჭირდათ იმ ქვეყნებში, სადაც არიან), შემცირდა ტურიზმი.
ამას ორი მიზეზი აქვს: ზოგადად რეგიონში ეკონომიკური დაღმასვლა ტურიზმს ამცირებს, მეორეც, ვფიქრობ, თავის დროზე შეცდომა დაუშვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ბევრ ქვეყანასთან აბსოლუტურად გაუაზრებლად გაამკაცრა სავიზო რეჟიმი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ,,კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.