
ლესელიძის ქუჩაზე, სიონის სკვერში, სოფიკო ჭიაურელის ქანდაკება გაძარცულია. ამის შესახებ „მოამბე“ იუწყება.
მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ, 2009 წელს შექმნილი სკულპტურული კომპოზიციის შემადგენელი ერთი ნაწილი - ფუფალას ქანდაკება, სავარაუდოდ 31 იანვარს, ღამით მოიპარეს.
ქანდაკების ავტორი ლევან ვარდოსანიძე "მოამბესთან" საუბარში აცხადებს, რომ ეს ამ ძეგლის გაძარცვის მესამე შემთხვევაა. გასულ წელს, სოფიკო ჭიაურელის პორტრეტის გვირგვინი მოიპარეს, რომელიც მოქანდაკემ ისევ დაამზადა, ორი კვირის წინ კი მრეცხავი ვარდოს პერსონაჟის გაძარცვის მცდელობა იყო.
ლევან ვარდოსანიძემ ვარდოს სკულპტურა სახლში თავად წაიღო და მისი რესტავრაცია რამდენიმე დღის წინ დაასრულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.