
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში ქართველების ბრძოლასთან დაკავშირებით განცხადებას ,,ფეისბუქზე“ ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი პრემიერ–მინისტრის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ქართველი სამხედროები მაღალი ანაზღაურების გამო იბრძვიან.
,,უკრაინელები, რომლებიც იბრძოდნენ და სიცოცხლეს წირავდნენ საქართველოს მხარეს აფხაზეთში ამბობდნენ, თუ არ გავაჩერებთ მტერს გუმისტაზე, მათი გაჩერება მოგვიხდება დნიპროზე. ალეკო გრიგოლაშვილი, დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, მის პირად ფეისბუქის გვერდზე წერდა - თუ რუსეთს უკრაინაში არ გავაჩერებთ, ჩვენი მთავრობა საქართველოს ლანგარზე მიართმევს რუსეთსო.
ალეკო მისი სამშობლოს საქმეს აკეთებდა სიცოცხლეში და გააკეთა თავის სიცოცხლის ფასად, ის ვინც, თავისი თბილი კაბინეტებიდან მას ანგარებაში ადანაშაულებს და რუსეთთან ბრძოლაში დაცემულების გვერდით დაკრძალვაზე უარს უცხადებს, ცალსახად, მტრის საქმეს აკეთებს. თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ?!
თუ მტერს თავის სახელს ვერ უწოდებ, ისეთი ლაჩარი და უსინდისო მაინც არ უნდა აღმოჩნდე, რომ შენს მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს ოკუპანტთან ბრძოლაში დაცემულ მებრძოლ შენს თანამემამულეს არ გაემიჯნო და ფულზე გაყიდული პროვოკატორი არ ეძახო,” - წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარი facebook-ის გვერდზე.
ამავე ტექსტში ნათქვამია, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილს უკრაინაში წასვლამდე საქართველოში მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, თუმცა მან საკუთარი ნებით გადაწყვიტა სამსახურის მიტოვება და მისივე დანაზოგით იბრძოდა უკრაინაში. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის შვილებს შეუძლიათ ყოველთვსი იამაყონ საკუთარი მამით.