
„აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში, გაკვეთილის მსვლელობის დროს კლასში შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა.
შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა. თავდამსხმელი კლასში, სავარაუდოდ, ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა, ხოლო მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა, მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, ნიღბიანმა პირმა ის დაჭრა და მიიმალა.
„აფხაზეთის ხმა“ განათლების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც გვაცნობა, რომ საგანამანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სამტრედიაში, მელაურის საჯარო სკოლაში, მე-3 გაკვეთილის მსვლელობისას, როცა გაკვეთილი მე-12 კლასს უტარდებოდა, კლასში შეიჭრა ნიღბიანი პირი და პედაგოგს მოსთხოვა ოქროს სამკაულის მოხსნა. სამართალდამცავები მივიდნენ ინციდენტის ადგილას და მოქმედებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
"აფხაზეთის ხმა" დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ.
რამდენიმე წუთის წინ (15:50) შსს-მ დაადასტურა, რომ გაკვეთილზე ნიღბიანი პირი შეიჭრა და მასწავლებელს ოქროს ბეჭდის წართმევა დაუპირა, თუმცა, უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პედაგოგი დაჭრილია ან მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ს ვერსიით, თავდამსხმელმა ბეჭდის წართმევა ვერ მოახერხა და გაიქცა. საქმე აღძრულია ყაჩაღობის მუხლით.