-
2014-12-01 18:39
მომღერალი ზურა მანჯავიძე და მისი მეწყვილე მზია ორველაშვილი უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს როგორ დაიძვრინონ თავი ცეკვის დროს შექმნილი რთული სიტუაციიდან.
„ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი მთელი ხუთი წელი. სამეჯლისო ცეკვებთან კი არანაირი შეხება არ მქონია.
პროექტში მონაწილეობა შარშან უნდა მიმეღო იგივე მეწყვილესთან ერთად, მაგრამ ცხვირის ძგიდის ოპერაციის გამო უარის თქმა მომიწია, არადა, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მეცეკვა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დავანებე თავი - არ შეიძლებოდა იმ პერიოდში ჩემი ცეკვა.
ამიტომ, თიელმა ჩამანაცვლა, საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა - ფინალში მოხვდა და არ დავმალავ, რომ მას ვგულშემატკივრობდი. წელს ვმონაწილეობ, მაგრამ ცოტა შემეშინდა, რომ არ გამომივიდეს, რა ვქნა-მეთქი, მაგრამ დავძლიე. მზია არაჩვეულებრივი პარტნიორი და ადამიანია, რეპეტიციებზე კი, პატარ-პატარა კი არა, დიდი ჩხუბებიც მომხდარა. ძალიან მომთხოვნია.
ისე მთხოვს ყველაფრის გაკეთებას, როგორც პროფესიონალ მოცეკვავეს. თავიდან ამის გამო ვკამათობდით და ორჯერ სერიოზულად ვიჩხუბეთ. ეს ვარჯიშია და რეპეტიციის თანმდევი პროცესია, თუმცა ახლა ნამდვილად აღარ ვჩხუბობთ. არც ისაა ბოღმა და არც მე და ამიტომ, შემორიგებები არ გაგვჭირვებია, თან უფრო დავიხვეწე და ვუჯერებ.
სამეჯლისო ცეკვა ისეთი რამაა, თუ ცოტა ინტიმი, გრძნობა და უხილავი სასიყვარულო ძაფები არ გააბი პარტნიორთან, ისე ვერ იცეკვებ. ის სამი წუთი, როცა ვცეკვავთ, ასეთი ინტიმურ-სასიყვარულო უხილავი ძაფები ნამდვილად იბმება ჩვენს შორის - ეს აშკარაა და საჭიროც, თუმცა, მხოლოდ 3 წუთს კი არა, უფრო მეტხანსაც გრძელდება. ანუ რეპეტიციის დროსაც - მაშინაც ხომ ვცეკვავთ?!“, - აღნიშნა ზურა მანჯავიძემ.
„თბილისელები“