
თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპული ორი პირიდან ერთმა, რომელიც ექიმთან, სავარაუდოდ, საქმის გასარჩევად მივიდა, მანქანაში წერილი დატოვა, სადაც მისი სიკვდილი არ გამორიცხა.
ამ დეტალებზე ექსკლუზიურად პორტალი „კვირა“ წერს:
„დედათა და ბავშვთა სამკურნალო – პროფილაქტიკურ ცენტრში“ აფეთქების შედეგად, პროფესორ ზურაბ ბენდელიანთან ერთად, 1980 წელს დაბადებული ანზორ ბექურიშვილიც გარდაიცვალა. „კვირის“ ინფორმაციით, ანზორ ბექურიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მანქანით მივიდა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ავტომანქანაში ახალგაზრდის წერილი აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით ამ შინაარსის იყო:
„დედა, მაპატიე, არ შემიძლია ამ ტკივილის ატანა. სანამ მოვკვდები, ბოლოს მოვუღებ იმას, ვინც ამ მდგომარეობაში ჩამაგდო“, – ნათქვამია ანზორ ბექურიშვილის წერილში.
შეგახსენებთ, რომ მიცკევიჩის ქუჩაზე, 29 ა ნომერში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო – პროფილაქტიკურ ცენტრში, აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი სამკურნალო ცენტრის დერმატო-ვენეროლოგი და პროფესორი, 60 წლის ზურაბ ბენდელიანია.
ანზორ ბექურიშვილი პროფესორთან ერთად, სამუშაო ოთახში ჩაიკეტა. მამაკაცებს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ჯერ გასროლა, შემდეგ კი აფეთქება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბენდელიანმა, თანმხლებ პირთან კამათის შემდეგ, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში კი, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, შენობაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ბენდელიანი დამწვრობით დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შელაპარაკება ექიმსა და ანზორ ბექურიშვილს შორის დაიწყო. ამის შემდეგ, ოთახიდან სროლის ხმა გაიგეს. თვითმხილველების თქმით, შენობიდან იყო ძლიერი აფეთქების ხმა. დედათა და ბავშვთა სანკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში ინციდენტის დროს იმყოფებოდნენ ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი სამაშველო სამსახურებმა ფანჯრიდან გაიყვანეს. ამ წუთებში სტუდენტები თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან.“, – წერს პორტალი „კვირა“.