
ვიტალი კლიჩკომ, არსენ იაცენიუკმა და იგორ ტიაგნიბოკმა უკრაინელებს გამოუცხადეს, რომ იანუკოვიჩის შეთავაზებებზე უარს ამბობენ და მათთან ერთად, გამარჯვებამდე იდგებიან.
ლიდერების გამოსვლა უკრაინის ჰიმნის შესრულებითა და მოწოდებით „ყველანი მაიდანზე!“ დასრულდა.
არსენ იაცენიუკმა, რომელსაც დღევანდელ მოლაპარაკებაზე ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერმინისტრის თანამდებობა შესთავაზა, განაცხადა, რომ ის ხალხთან დგას და იდგება: „მე მათი არ მჯერა, მჯერა ჩვენი იდეის და იმის, რომ გამარჯვებამდე უნდა ვიბრძოლოთ! დიდება უკრაინას!“, – ასე დაასრულა გამოსვლა იაცენიუკმა, ხოლო ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა – საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წელს, უცვლელი რჩება.
მანამდე გამოსულმა იგორ ტიაგნიბოკმა აღნიშნა:
„არის ერთი დელიკატური მომენტი. აი, გვჯერა თუ არა ჩვენ მათი?“, – რეპლიკას მაიდანმა სკანდირებით „არა!“ უპასუხა, რის შემდეგაც ტიაგნიბოკმა გააგრძელა:
„არც მე მჯერა. განა ჩვენ არ გვახსოვს, როგორ გამოდიოდა იანუკოვიჩი და ამბობდა, რომ აპლოდისმენტებით ხვდება ევრომაიდანს? რით დამთავრდა ეს? – ევრომაიდნის დარბევით. ყოველ ჯერზე, როცა იანუკოვიჩი მშვიდობას გვთავაზობს, ეს შტურმით მთავრდება.
ესე იგი, რას შეგვიძლია ვენდოთ? მხოლოდ კონკრეტულ ქმედებებს. ამიტომ, მე მინდა ყველა უკრაინელი მოვიწვიო მაიდანზე. ჩვენი ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ ჩვენ ჩვენ არ მივაღწევთ ყველა ჩვენი მოთხოვნის შესრულებას ამ ბანდიტური ხელისუფლებისგან. ყველანი მაიდანზე!“.