-
2014-11-02 07:09
ტელეკომპანია "თრიალეთმა" ექსკლუზიური რეპორტაჟი მოამზადა, სადაც გამოყენებული იყო პედაგოგის მიერ მოსწავლეების ცემის კადრები. ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ ტელევიზიაში პედაგოგის მეუღლე მიიჭრა და ჟურნალისტებს ყელის გამოჭრით ემუქრებოდა. ტვ "თრიალეთმა" ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.
ინციდენტი ტელევიზიის ოფისში 31 ოქტომბერს მოხდა:
"დაახლოებით 17:00 საათზე, შემოიჭრა მამაკაცი, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებით. იგი სიტყვიერი შეურაცხყოფით მოითხოვდა ჟურნალისტ გიორგი ახლაკაცთან შეხვედრას და მას ყელის გამოჭრით ემუქრებოდა.
მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაშვილმა სიმშვიდისკენ მოუწოდა, კოჭლაშვილის მუქარა და შეურაცხყოფა ტელევიზიის სხვა თანამშრომლებზეც გავრცელდა და მან საინფორმაციოს ხელმძღვანელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მამაკაცი, რომელიც კომპანიის ოფისში შემოიჭრა, არის სოფელ ზერტის მკვიდრი, თამაზ კოჭლაშვილი. ის ზერტის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის, ირინა ტურაშვილის მეუღლეა.
კოჭლაშვილის გაღიზიანება საინფორმაციო გამოშვებაში გასულმა სიუჟეტმა გამოიწვია, რომელიც შეეხებოდა ზერტის საჯარო სკოლაში პედაგოგ ირინა ტურაშვილის მიერ მოსწავლეების ცემის ამსახველ ვიდეოკადრებს", - ნათქვამია "თრიალეთის" საგანგებო განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით ტელევიზიის თანამშრომლები უკვე დაკითხეს. კადრები, რომლებიც "თრიალეთმა" გაავრცელა, ორ წელზე მეტია, ტელევიზიის არქივში ინახება. ირინა ტურაშვილი ამ კადრების გავრცელების შემდეგ სკოლიდან გაათავისუფლეს, თუმცა, "თრიალეთის" წყაროს ცნობით, ის ახლა სკოლაში დაბრუნებას ისევ გეგმავს და ამაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მყოფი ნათესავები ეხმარებიან.