
21 იანვრის ღამეს კიევის ერთერთი კლინიკის რეანიმაციის განყოფილებიდან უცნობმა პირებმა ევრომაიდნის აქტივისტი იგორ ლუცენკო გაიტაცეს.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (მათ შორის, ქართულითაც) გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გატაცებული ოპოზიციის ერთერთი ლიდერი იური ლუცენკოა, სინამდვილეს არ შეეფერება.
საუბარია ევრომაიდნის აქტივისტზე, რომელიც გვარად ლუცენკოა და რომელმაც კიევში, „ოკტიაბრსკაიას“ კლინიკაში „ბერკუტის“ ძალადობის შემდეგ დაზიანებული იური ვერბიცკი მიიყვანა.
იგორ ლუცენკოს გატაცების დეტალების შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წევრმა ოქსანა რომანიუკმა დაწერა.
მისი თქმით, საავადმყოფოში ვერბიცკის მიყვანის შემდეგ რეანიმაციის განყოფილებაში უცნობი, სპორტული აღნაგობის პირები შეიჭრნენ, რომლებსაც შავი პალტოები ეცვათ და სახეზე ქუდები ჰქონდათ ჩამოფხატული. მათ ხელები შეუკრეს იგორ ლუცენკოს, თავიანთ მანქანაში ჩააგდეს და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს. ლუცენკოს კუთვნილი ავტომობილი საავადმყოფოს ეზოში დარჩა.
კიევის დროით დილის 04:00 საათისთვის (თბლისის დროით 06:00), ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული ლუცენკოს ადგილსამყოფელი. შსს-ს კიევის სხვადასხვა განყოფილებებში აცხადებდნენ, რომ დაკავებული, გვარად ლუცენკო არ ჰყავთ.