
რამდენიმე საათის განმავლობაში გამორთული თბილისის ტელეანძის გარე განათება ისევ ჩაირთო. გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიამ საკრებულოს მხრიდან ანძის გამორთვაზე რეაგირების შემდეგ მიიღო.
თბილისის მერია ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საკრებულოს მხრიდან მიღებული იყო დადასტურება იმის თაობაზე, რომ ანძის განათებისა და რეაბილიტიაციის თანხა მათთვის აღარ წარმოადგენს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზს, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ანძის განათება ისევ ჩართო.
ამასთან, თბილისის მერია აცხადებს, რომ რეალობასთან შეუსაბამოა საქართველოს მთავრობის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის ტელეანძის გარე განათების გამორთვა რაიმე კავშირშია საჰაერო ნავიგაციის შუქურებთან.
თბილისის მერიის განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:
"მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობამ თბილისის მერის მოადგილეს დაუდასტურეს, რომ ანძის განათებისა და რეაბილიტიაციის თანხა მათთვის აღარ წარმოადგენს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზს, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ანძის განათება ჩართო.
ანძის განათების გამორთვა არ იყო მერიის თვითმიზანი, ყოველივე ეს განპირობებული იყო, რომ საბიუჯეტო განხილვების პროცესი გააქტიურებულიყო და საკრებულოს უმრავლესობას ეგრძნო პასუხისმგებლობა, დაუმტკიცებელი ბიუჯეტით თბილისელებისთვის გამოწვეულ პრობლემებზე. ამ ეტაპზე ანძის განათების გამორთვით აღნიშნული მიზანი მიღწეულია.
ასევე გვინდა საჰაერო ნავიგაციის განცხადებას გამოვეხმაურით. ეს უწყება ცრუობს, რადგან შესაბამის შუქურას გარე განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მათ ეს მერიის დაშანტაჟების მიზნით, შეგნებულად ჩაიდინეს. ამის დასადასტურებლად საზოგადოებას და მედიას შესაბამისი ექსპერიმერნტის მოწყობას ვთავაზობთ, რითიც დადასტურდება, რომ საჰაერო ნავიგაციის შუქურას ანძის განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს".
20 იანვრის საღამოს თბილისის ანძის გარე განათების გამორთვის შემდეგ საქართველოს მთავრობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მერიის ქმედება შეიცავს საბოტაჟისა და შანტაჟის ნიშნებს.