
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას თითქოს სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და პედაგოგებს ხუთი თვეა ხელფასი არ აუღიათ.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს „აფხაზეთის ხმის“ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, ნიგვზიანის სკოლის პედაგოგის ინტერვიუზე დაყრდნობით, რომელიც, თავის მხრივ. „ზონანიუსმა“ გამოაქვეყნა.
ამ მასალაში პედაგოგი აცხადებს, რომ ხუთი თვეა ხელფასი არ მიუღია, ამიტომ, იძულებულია სკოლა დატოვოს. პედაგოგი კოლეგებს „ხმის ამოღებისკენაც“ მოუწოდებდა.
სამინისტრო განმარტავს, რომ არათუ სოფელ ნიგვზიანს, არამედ არცერთ საჯარო სკოლას ადმინისტრაციისა და პედაგოგთა მიმართ დავალიანება არ გააჩნია, ფინანსური საკითხები უკლებლივ ყველა სკოლაში მოწესრიგებულია.
"რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასის მომატებას, როგორც ცნობილია, სამინისტროში სკოლების საშტატო განრიგზე შეთანხმება 2013 წლის 1 სექტემბრიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლების მხრიდან წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არაერთი ხარვეზი ფიქსირდება, საშტატო განრიგის საბოლოო შეთანხმებას გარკვეული დრო სჭირდება (ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 1300-მდე სკოლის საშტატო განრიგი უკვე შეთანხმებულია).
აღსანიშნავია ისიც, რომ საშტატო განრიგის დამტკიცების შემდეგ, სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს გაზრდილი ხელფასი 2013 წლის 1 სექტემბრიდან აუნაზღაურდება", - განმარტავს სამინისტრო.