
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/2 ფინალში, ლივერპულმა ბარსელონას უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
გამომდინარე იქიდან, რომ პირველი შეხვედრა ბლაუგრანამ 3:0 მოიგო და გარდა ამისა ინგლისელებს რამდენიმე ლიდერი აკლდათ, ბევრი ფიქრობდა, რომ ესპანური გრანდი უდავო ფავორიტი იყო, თუმცა ასე არ მოხდა.
თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და გოლიც მალევე გავიდა. მე-7 მცველების შეცდომის შემდეგ, ჰენდერსონმა ახლო მანძილიდან დაარტყა, ბურთი ტერ შტეგენმა კი მოიგერია, თუმცა იქვე მდგარ ორიჯს ცარიელ კარში გოლის გატანა არ გასჭირვებია.
ამის შემდეგ ბლაუგრანა კიდევ უფრო გააქტიურდა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. არაერთი მომენტი შექმნეს მერსისაიდელებმაც, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
54-ე წუთზე კლოპის შეგირდებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. მათმა აქტიურმა პრესინგმა შედეგი გამოიღო, მარჯვენა ფლანგიდან არნოლდის ჩაწოდების შემდეგ შეცვლაზე შესულმა ვეინალდუმმა მშვენიერი გოლი გაიტანა.
აღნიშნული ეპიზოდიდან 2 წუთში მეხუთე ნომერმა დუბლი გაიფორმა. მარცხენა ფლანგიდან შაქირის ჩაწოდებულს, ჰოლანდიელი თავურით გამოეხმაურა და მერსისაიდელთა ფანებს უდიდესი სიხარული მიანიჭა.
ამის შემდეგ უპირატესობას კვლავ ინგლისელები ფლობდნენ. 79-ე წუთზე ლივერპულმა უკვე მეოთხე გოლი გაიტანა. ბრიტანელებმა კატალონიელთა უყურადღებობით ისარგებლეს და კუთხური სწრაფად გაითამაშეს, რასაც დივოკ ორიჯის გოლი მოჰყვა.
დარჩენილ დროში ბარსელონა ბევრს კი ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ვალვერდეს შეგირდებმა შტურმიც კი ვერ მოაწყეს.
ასე და ამგვარად ლივერპული ფინალშია და გადამწყვეტ მატჩში აიაქსს ან ტოტენჰემს დაუპირისპირდება.