
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ტოტენჰემი 1:0 მოგების შემდეგ სიტის ესტუმრა და მატჩი 4:3 დასრულდა.
გულშემატკივართა დიდი ნაწილი მშვენიერ სანახაობას ელოდა, თუმცა იმან, რაც ეტიჰადზე მოხდა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. 21-ე წუთზე ქალაქელები უკვე 3-2ს იგებდნენ, თუმცა ეს ანგარიში მათ ხელს არ აძლევდათ.
პირველი გოლი რაჰიმ სტერლინგმა მე-4 წუთზე გაიტანა, მე-7 და მე-10 წუთებზე სონმა 2 გოლი შეაგდო, კორეელის დუბლიდან კი 1 წუთში ბერნარდო სილვამ გაათანაბრა. 21-ე წუთზე დეზთა 7 ნომერს არც სიტის შვიდიანი ჩამორჩა და სტერლინგმაც დუბლი გაიფორმა.
სათქმელია, რომ მაურისიო პოჩეტინოს ამ თამაშშიც მოუწია იძულებითი ცვლილების გაკეთება. უკვე 38-ე წუთზე ტრავმის გამო მოედანი მუსა სისოკომ დატოვა და მის ნაცვლად თამაშში ფერნანდო ლორენტე ჩაერთო. ამ ცვლილებას რა თქმა უნდა გადაადგილებები მოჰყვა.
მეორე ტაიმი გვარდიოლას გუნდის უპირატესობით დაიწყო, თუმცა არც ლონდონელები ყოფილან სტატისტის როლში და სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა.
ქალაქელები 58-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. კევინ დე ბრუინი რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა, აგუეროს მშვენიერი გადაცემა გაუკეთა და არგენტინელმაც უძლიერესი დარტყმით აიღო ლორისის კარი.
აქ თითქოს უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, თუმცა ტოტენჰემმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, ლორენტემ უმნიშვნელოვანესი ედერსონის კარის ბადე შეარხია.
მატჩის 93-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა კი გაიტანა და მთელმა სიტიმ გაიხარა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო მსაჯმა გოლი არ ჩათვალა.
ასე და ამგვარად ტოტენჰემი სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით ნახევარფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ დეზები ლიგის 4 საუკეთესო გუნდში პირველად მოხვდნენ.