-
2013-12-08 13:54
გფრ-მ უკვე ჩააყენა საქმის კურსში რუსული მხარე, რომ მიწვევის მიუხედავად, გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადაზე დასასწრებად არ ჩავა.
ინფორმაციას გერმანული „შპიგელი“ ავრცელებს. გერმანული მედია წერს, რომ „ეს გადაწყვეტილება შეიძლება განვიხილოთ, როგორც რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარვევისა და ოპოზიციის რეპრესიების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება“.
ამასთან, გერმანიის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება არ არის გერმანელი ათლეტების მიმართ უპატივცემოლობის გამოვლინება: მისი თქმით, სპორტსმენებს სოჭიდან დაბრუნების სემდეგ პირადად მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტად არჩევის დღიდან, ანუ 2012 წლიდან, ბუნდესპრეზიდენტი (ფედერალური პრეზიდენტი) არც ერთხელ არ ჩასულა რუსეთში ოფიციალური ვიზიტით. მას არაერთხელ გაუკრიტიკებია რუსეთი ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. 2012 წლის ივნისში გფრ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზეც და მიზეზად სამუშაო გრაფიკი დაასახელა.
ბუნდესპრეზიდენტი, ანუ ფედერალური პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეთაური და პირველი პირია, თუმცა ნაკლები პოლიტიკური გავლენა აქვს ბუნდესკანცლერთან შედარებით. წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში.
მისი კომპეტენციის ფარგლებში შედის აგრეთვე საშინაო პოლიტიკის საკითხები: როგორიცაა ფორმალური მხარდაჭერა საკანონმდებლო აქტების მიღებისას; მთავრობების, მინისტრების, მოსამართლეების და სხვათა დანიშვნა; პრეროგატივა პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნის.
ფედერალური პრეზიდენტი ირჩევა 5 წლის ვადით სპეციალურად მოწვეული ფედერალური კრების მიერ. 2012 წლიდან გერმანიის ბუნდესპრეზიდენტი იოახიმ გაუკია. ის ლუთერანული ეკლესიის ყოფილი პასტორია.