
საქართველოს პრეზიდენტი (2004-2013) მიხეილ სააკაშვილი კიევში იმყოფება. ის უკვე შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს და ოპოზიციის შტაბში, პირველ ბრიფინგზე, ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.
ჟურნალისტების შეკითხვებს სააკაშვილი უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე პასუხობდა.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჩამოვიდა, როგორც თავისუფალი მოქალაქე:
„მე აქ ჩამოვედი როგორც დამოუკიდებელი მოქალაქე და შემიძლია გითხრათ, რომ ამ ამპლუაში შეუდარებლად ვგრძნობ თავს. ყველა ქვეყანას საკუთარი სიტუაცია აქვს და ის რაც ახლა ხდება, ეს უკრაინის საქმეა“.
ჟურნალისტებმა სააკაშვილს უკრაინისა და რუსეთის დამოკიდებულებაზეც დაუსვეს შეკითხვები. შეკითხვაზე, ვლადიმირ პუტინს სსრ კავშირის აღდგენა სურს თუ სხვა მიზნებიც აქვს, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:
„მე დარწმუნებული ვარ, მთავარი, რაც სურს ვლადიმერ პუტინს, ეს არის ის, რომ ჩამოაცილოს უკრაინა ევროპას. როცა უკრაინა ჩამოსცილდება ევროპას, მისთვის ყველაფრის გაკეთება შეეძლება რუსეთს, რასაც მოისურვებს. ამიტომ, პირველი ამოცანა არის ის რომ ასე არ მოხდეს.
რაც უფრო მეტად შეეცდება პუტინი უკრაინაზე ზეწოლას, მით უფრო მეტ დამოუკიდებლობას მოიპოვებს უკრაინა. ეს სიტუაცია მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს ყოველ ჩვენგანს ეხება, თუ ამის შეჩერებას ვერ შევძლებთ, მაშინ სამომავლოდ არჩევანის უფლება არ გვექნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგზე.
მიხეილ სააკაშვილს ევრომაიდანზე ელოდებიან.