
ოჯახური ტრაგედია სანაპიროზე, დედაენის პარკში მდებარე კაფეში მოხდა. 70 წლის მამაკაცმა 50 წლის სიძე მოკლა.
„... 50 წლის მამაკაცს უსიამოვნო სახე ჰქონდა. კაფეში დასხდნენ, ლაპარაკი დაიწყეს. უფროსმა ოფიციანტს დაუძახა, ნაყინი და ლიმონათი მოატანინა. მე ცოტა ხნით გავედი. რამდენიმე წუთში იქედან საშინელი გინება და ჩხუბის ხმა მომესმა.
გადავიხედე და რას ვხედავ, - ამ ორი კაციდან უმცროსი წამომდგარა და უფროსს საშინელი სიტყვებით აგინებს და მუშტებს უქნევს, მოგკლავო. გასაშველებლად გავიქეცი, მაგრამ რომ მივედი, ხალხს უკვე გაშველებული ჰყავდა მოჩხუბრები. უფროსმა, ბოდიშს ვიხდიო, ყველა იქ მყოფს ბოდიში მოგვიხადა, ფული ამოიღო და ოფიციანტს დანახარჯი გადაუხადა.
მერე ხმისამოუღებლად მოშორდა იმ ადგილს. ჩვენ რა ვიცოდით, რომ იარაღის მოსატანად მიდიოდა... რომ დაბრუნდა, მერე მოხდა ეს საშინელი უბედურება, - ჯიბიდან იარაღი ამოიღო, მეორეს თავზე დაადგა და პირდაპირ გაღებულ პირში და თვალში ესროლა. ამ დროს ის ჯერ კიდევ იგინებოდა, მაგრამ წამსვე გადავარდა და სული დალია, - პირიდან და თვალიდან სისხლი მოსდიოდა.
მკვლელი არ გაქცეულა, სანამ პოლიცია არ მოვიდა. მოსული ხალხიდან ერთმა მკვდარი რომ დაინახა, იყვირა, - ჩემი მეზობელიაო. ტელეფონი ამოიღო და ვიღაცას დაურეკა.
თურმე მისი დისთვის დაურეკავს... გვითხრა, - სამეზობლოში ყველამ იცოდა, რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა, - მოკლული სიძეა და მკვლელი სიმამრი; მკვდარს ცოლ-შვილიც გამწარებული ჰყავდა.
რამდენჯერაც დათვრებოდა, იმდენჯერ ცოლი უნდა ეცემაო. მერე ეს სიმამრი რომ გამოვიდა ციხიდან, უთხრა, - რას შვრები, ამას რატომ სჩადიხარო! და ისიც სცემა. სამჯერ გალახა ასე.
ამ კაცს პირველი სიძეც მოუკლავს. ისიც სცემდა თურმე ცოლ-შვილს. როცა ციხიდან გამოვიდა, მეორე ქალიშვილი ისე ნაცემი დახვდა, სიძეს ეჩხუბა, მაგრამ იმან სცემა, მოერია, უფრო ახალგაზრდა იყო და იმიტომ.
სანამ მოკლულს პროზექტურაში წაასვენებდნენ, მისი და და ძმაც მოვიდა - არც იმათ გაკვირვებიათ, რომ ძმა სიმამრმა მოუკლა.
არ მგონია, რომ სიმამრს თავიდან სიძის მოკვლა ჰქონოდა გადაწყვეტილი, კაფეში რატომ შეიყვანდა და საჯაროდ რატომ მოკლავდა? ისედაც, ერთხელ კიდევ 70 წლის კაცისთვის ციხეში შებრუნება, ხომ ნიშნავს, რომ იქ დალიოს სული!
მე მგონი, უფრო მოსალაპარაკებლად მოიყვანა, ეგებ ჭკუა ისწავლოსო. მაგრამ ნახა, სიძემ ბოდიშის მაგივრად გინების კორიანტელი დაუყენა, ესროლა. ოღონდაც შვილი არავინ გაუმწაროს და გაუტანჯოს, ალბათ ყველა მამას ურჩევნია, ციხეში მოკვდეს.
სულ ეგ არის ამ ამბის თავი და ბოლო...“ - ყვება „კვირის პალიტრასთან“ ამ ამბის თვითმხილველი.