-
2014-08-02 22:14
21 წლის ოთო გურგენიშვილი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად პატარა გადაარჩინა, მიწას მიაბარეს.
როგორ იხსენებენ ოთოს მეგობრები:
„ვიცოდით, რომ მსგავს სიტუაციაში ოთო ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა. პატარა ბავშვი, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა, სიკვდილს გადაარჩინა. ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც დიდი სისწრაფით მიმავალი „მერსედესის“ მას დაეჯახა.
ოთოს ისიც „უთხრეს“ – მთელი დღე ვნატრობდი შენს ადგილზე ყოფნასო...…
„ერთნაირად შოკირებული და გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ აღარ მეყოლები და იმიტომ, რომ პირობა დაარღვიე - წახვედი!.. არ მახსოვს, დანაპირები არ შეგესრულებინოს... მეშინია ჩვენი შეტყობინებების გადაკითხვის..
ამ რამდენიმე საათში ათასჯერ შემოვედი შენს თაიმლაინზე და ორიათასჯერ ვცადე მეპოვა შენი არარსებობის სულ მცირე ფაქტიც კი... ჯერ ისევ მგონია, რომ ცუდ სიზმარში ვარ, რომ მალე გამეღვიძება და აუცილებლად დამხვდება შენი შეტყობინება... რა დამიტოვე..
დაცარიელებული, მოწყენილი, ატირებული ნუცა... არ გეპატიება, ცუდი საქციელია... რამდენიმე საათის წინ იყო, აღფრთოვანებული რომ მიყვებოდი შენს გეგმებზე და ახლა უცებ ყველაფერი უაზროდ შემატოვე ხელში...
მეცამეტე თვე ჩვენი თვე იქნება! სადღაც მაინც დადგება ეს მეცამეტე თვე... — ოთო გურგენიშვილთან ერთად", - წერს ნუცა ბასილაშვილი.
ლელა ნინუა, პოეტი, ოთოს მეგობარი:
„19 წლის იყო, როდესაც გავიცანი. რუსთავში ჩემი პოეზიის საღამოზე იყო მოსული და მთხოვა, თუ შეიძლება, გამოვალ თქვენს საღამოზეო. რამდენიმე ლექსი წაიკითხა. მეც და ჩემს მეგობარებსაც ძალიან მოგვეწონა. საკუთარი კრებულის გამოცემაზე ოცნებობდა.
სამწუხაროდ, სიცოცხლეში ვერ მოესწრო... ბედნიერი ვარ, რომ ჩემი წვლილიც არის იმაში, რომ საზოგადოებამ ოთო გაიცნო და შეიყვარა.
21 წლის ბიჭის კვალობაზე, ისეთი ხედვები ჰქონდა, რაც მისი ასაკისთვის ძალიან იშვიათია.
ყველას გვიკვირდა, რომ ამ ასაკის ბიჭს ამდენი რამ ესმოდა და ცხოვრება იცოდა.
დედა უყვარდა რაღაც განსაკუთრებულად, საერთოდ ქალების მიმართ ძალიან თბილი და საღი დამოკიდებულება ჰქონდა.
მომისმენია, როგორ აღშფოთდებოდა ხოლმე, როდესაც გაიგებდა, რომ ქალს გული ატკინეს, ან ცუდად მოეპყრნენ და ამის მიმართ აგრესია ჰქონდა.
დედისერთა იყო... ბედნიერია, ის ქალი, რომელმაც ასეთი შვილი აღზარდა და რა თქმა უნდა, ორმაგად უბედურია, რომ ასეთი შვილი დაკარგა...…
გარდაცვალების შემდეგ ავუხდენთ მას ოცნებას ლექსების კრებულს გამოვცემთ.
ვიცი, რომ მეგობარი გოგონა ჰყავდა. რატომღაც სიყვარულზე საუბრისას სულ სიცოცხლეზე აკეთებდა აქცენტს. სიცოცხლეშივე სიყვარული ხომ შეიძლებაო, - ამბობდა...“
kvirispalitra.ge