
ცნობილი მსახიობი ოთარ კობერიძე გიორგი მარგველაშვილს უსურვებს, ისეთივე ღირსეული პრეზიდენტი იყოს, როგორიც მიხეილ სააკაშვილი იყო.
ამის შესახებ მსახიობმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, ინაუგურაციის პროცესისა და ახალი პრეზიდენტის შეფასებისას აღნიშნა.
მანვე დაამატა, რომ ინაუგურაციას ასაკის გამო ვერ დაესწრო - მსახიობი 89 წლისაა:
„ახალი პრეზიდენტი გვყავს. მისი იმედი მაქვს იმის შემდეგ, რაც გავიგე, რომ ფილოსოფოსი ბრძანებულა. გონიერი კაცი ჩანს. მაგრამ სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ქართველებისთვის უღირსი საქციელი, რაც არის დაჭერა, სამაგიეროს გადახდა და ასე შემდეგ...
გიორგი მარგველაშვილი უნდა იყოს ისეთი ღირსეული პრეზიდენტი, როგორიც იყო მისი წინამორბედი, ბოლოსდაბოლოს ქვეყანა რომ დამშვიდდეს“, - ამბობს ოთარ კობერიძე.
მისივე თქმით, არ იცის, რატომ არ დაესწრო მიხეილ სააკაშვილი ინაუგურაციას, მაგრამ ყველას ურჩევს, სააკაშვილს თავი გაანებონ:
„იცით რა, დაანებეთ მიხეილ სააკაშვილს თავი! ამდენი გააკეთა ქვეყნისთვის. შეცდომებიც ჰქონდა, მაგრამ არ შეიძლებოდა, არ ჰქონოდა. ასე მგონია, ხალხს არც ახსოვს, შევარდნაძის დროს რა საზიზღრად, ჭუჭყიანი, ტურტლიანები დავდიოდით. ტვინი გვქონდა გამორეცხილი. ამ დროს გამოჩნდა ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი და ქვეყანაში ცხოვრების დონე ასწია, ახალმა სიომ დაჰბერა, აზროვნებაც შეიცვალა...“, - აცხადებს ოთარ კობერიძე. მისი თქმით, პირველ რიგში უნდა მიხედონ სოფლის მეურნეობას, პენსიონერებს და ყველა საჭირბოროტო საკითხს.