-
2013-11-19 18:28
პარლამენტში გამართულ სხდომაზე, სადაც ახალი პრემიერ მინისტრი უმიცრესობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა, ღარიბაშვილსა და ბარამიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
როცა პრემიერ მინისტრმა წინა მთავრობის წარმომადგენელს მატყუარები უწოდა, გია ბარამიძემ მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა და კორექტული, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საუბრისაკენ მოუწოდა.
ღარიბაშვილის კითხვაზე, ბარამიძეს ოდესმე საჯაროდ გაუკრიტიკებია თუ არა მიხეილ სააკაშვილი, მან უპასუხა, რომ ეს გვირგვლიანის მკვლელების განთავისუფლებისას გააკეთა:
"მატყუარები თქვენ ხართ, ტყუილებით მოხვედით და ჩანს, რასაც უშვებით ჩვენს დატოვებულ ეკონომიკას!" - განაცხადა ბარამიძემ და პრემიერ მინისტრს კიდევ ერთხელ მოსთხოვა ბოდიშის მოხდა.
მეორე შელაპარაკება ღარიბაშვილსა და ბარამიძეს შორის მაშინ მოხდა, როცა პრემიერმინისტრობის კანდიდატი ნუგზარ წიკლაურის კითხვას პასუხობდა იმასთან დაკავშირებით, რატომ დააკავეს პატრიოტი პოლიციელი რომან შამათავა ხურჩის ინციდენტის ხელოვნურად დადგმის ბრალდებით.
ღარიბაშვილმა განაცხადა: "თქვენ მოუწყვეთ ტერაქტი საკუთარ ხალხს და ეს უნდა აღიაროთ. როცა ამას გეუბნებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს", რასაც გიორგი ბარამიძისა და გივი თარგამაძის მწვავე პასუხები მოჰყვა. გიორგი ბარამიძემ ირაკლი ღარიბაშვილს "მატყუარა" უწოდა:
"თქვენ ხართ მატყუარა, უპასუხისმგებლო და სულელურ განცხადებებს აკეთებთ. რას ნიშნავს, ტერაქტი მოვუწყვეთ? ეს უნდა თქვას სასამართლომ და არა თქვენ. რა უნდა ვაღიაროთ, რას ამბობთ, თქვენ თავად თუ ხვდებით?"
"მოსამართლე ხართ თუ ვინ ხართ? დგახართ უმცირესობასთან შეხვედრაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატი და საუბრობთ ტერაქტის მოწყობაზე. "ხურჩის ტერაქტი" არ არის დადასტურებული ფაქტი და იყო თუ არა ასეთი ფაქტი, სასამართლომ უნდა დაადგინოს", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
ღარიბაშვილმა პასუხად განაცხადა, რომ ხურჩის ინციდენტის სახით ტერაქტის ხელოვნურად მოწყობა გამოძიების მიერაა დადგენილი, რასაც ნუგზარ წიკლაურის რეპლიკა მოჰყვა:
"გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ გიგი კალანდაძე, როცა ის სამარცხვინოდ დააკავეს თავდაცვის სამინისტროში, დამნაშავე იყო, მაგრამ მერე სასამართლომ გაამართლა".
შეხვედრის შედეგები გიორგი გაბაშვილმა შეაჯამა. მან მადლობა გადაუხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატს და განუცხადა, რომ მისი ტონი, მისი პოზიცია, რომლითაც ის უმცირესობასთან შეხვედრაზე მოვიდა, "უპასუხისმგებლო" იყო: "საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი ასე ნამდვილად არ უნდა იქცეოდეს და ლაპარაკობდეს", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.