
კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კოალიციის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი კანდიდატად მაინც რჩება.
როგორც ცესკოში განმარტავენ, კანდიდატურის მოხსნის ვადები ამოწურულია, ბიულეტენების ბეჭდვა დაწყებულია და ცვლილებები ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბიულეტენზე თოფჩიშვილის გვარი მაინც იქნება.
"საჯარო განცხადებები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ გაკეთდეს კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გავლენას ვეღარ მოახდენს ბიულეტენში არსებულ ჩამონათვალზე. შესაბამისად, ყველა ასეთი საჯარო განცხადების მიუხედავად, მაინც დარჩებიან კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში და საარჩევნო კომისია დაითვლის მათ ხმებსაც, როგორც ყველა დანარჩენის შემთხვევაში", - აცხადებს ცესკო-ს სპიკერი ეკა აზარაშვილი.
"ქართულმა ოცნებამ" მარნეულში ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამასთან დაკავშირებით კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ საგანგებო განცხადება გუშინ გაავრცელა.
"კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მარნეულში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხონ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება, აგრეთვე თავიდან იქნეს აცილებული დამატებით სიტუაციის ესკალაცია, მიიღო გადაწყვეტილება ურჩიოს მარნეულის ,,ქართული ოცნების" კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.