
მარტვილის N27 ნაგვაზაოს უბანზე, სავარაუდოდ, "სომხური კარუსელი” დატრიალდა. „სომხური კარუსელი“ ამომრჩევლის თავისუფალი ნების შეზღუდვაა და ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან მხარდამჭერთა არჩევანის მასობრივ კონტროლს ითვალისწინებს.
გაყალბების ამ სისტემის პრინციპი ასეთია: საარჩევნო უბანში შესვლამდე ამომრჩეველს, რომელიც მხარდამჭერადაა მიჩნეული, კოორდინატორი ან პოლიტიკური გაერთიანების ნდობით აღჭურვილი პირი აძლევს ბიულეტენს, რომელზეც სასურველი ნომერი წინასწარაა შემოხაზული.
ამომრჩეველს ევალება, გატარდეს რეგისტრაციაში, მიიღოს სუფთა ბიულეტენი, ხოლო ხმის მიცემის კაბინაში შესვლის შემდეგ ის შეცვალოს უკვე წინასწარ შემოხაზული ბიულეტენით და ჩააგდოს ურნაში, სუფთა ბიულეტენი კი უბნიდან გამოსვლის შემდეგ კოორდინატორს ჩააბაროს, რომელიც ხელახლა შემოხაზავს სასურველ ნომერს და უკვე სხვა ამომრჩეველს გაატანს მას შესაცვლელად.
ამ პრინციპით ხდება გარანტირებული ხმების მიღებაც და ამომრჩევლის კონტროლიც - ვინც სუფთა ბიულეტენს არ გამოიტანს, ავტომატურად გადადის ე.წ. „შავ სიაში“, ანუ სახეზეა ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედების ერთერთი, კანონით აკრძალული ხერხი.
როგორც „აფხაზეთის ხმას“ სოფელ ნაგვაზაოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნატო ჯღარკავამ უთხრა, კომისიის წევრებს ერთით ნაკლები მაჟორიტარული ბიულეტინები დაურიგეს, თუმცა დაკარგული ბიულეტინი ხმის დათვლისას საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა და იქ ნომერი 41 იყო შემოხაზული.
არჩევნების მიმდინარეობისას, დაახლოებით დღის 15 საათზე რეგისტრატორს შორენა ჯღარკავას მაჟორიტარული ბლოკნოტის ბიულეტენებში დააკლდა 1 ცალი ბოლო ბიულეტენი.
როგორც თვითონ ნანი ჯღარკავამ განაცხადა, მან თავმჯდომარისგან ჩაიბარა ბლოკნოტი, რომელშიც იყო არა 50, არამედ 49 ცალი ბიულეტენი. ყველა ბიულეტენს აქვს თავის ნომერი და შესაბამისად ბლოკნოტსაც ეწერა ეს ნომრები.
რეგისტრატორმა თავმჯდომარის სახელზე დაწერა ახსნა-განმარტება, რომ ბიულეტენების ბლოკნოტში ნუმერაციით 1990601-1990650 აკლდა ბოლო ბიულეტენი, და ეს განცხადება გატარდა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
ბიულეტენი ნომრით 1990650 საერთოდ არ არსებობდა და შესაბამისად ვერც ამომრჩეველზე ვერ იქნებოდა გაცემული, მაგრამ როდესაც გაიხსნა საარჩევნო ყუთი, აღნიშნული ბიულეტენი თავის ყუასთან ერთად ამოვიდა ერთერთ კონვერტში და მასში შემოხაზული იყო N41.
ამ ბიულტენს მოხიეს ყუა და ცალკე დალუქულად, კენჭისყრის დღის ჩანწერთა წიგნთან ერთად მიიტანეს საოლქო საარჩევნო კომისიაში, რაზეც ხელს კომისიის 13 წევრი აწერს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საოლქო კომისიაში შესულია საჩივარი მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რაზეც სხდომა დღეს გაიმართება.