ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ბატალიონ „პრიზრაკის“ (მოჩვენება) სნაიპერმა მიხეილ კონსტატინოვმა (მალსახმობი „მედვედი“) მოსკოვის ოლქში ორი პოლიციელი, ხოლო აფხაზეთშის სოფელ კვიტოულში ერთი მამაკაცი მოკლა.
„მედვედის“ ისტორია 1992 წლიდან იწყება, როცა ის, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი, მოსკოვის ოლქის სოფელ არხანგელსკოედან, სახლიდან გაიქცა და იტრიალა რა ერთხანს რუსეთის გზებზე, საქართველოში, აფხაზეთში აღმოჩნდა და სოფელ კვიტოულში მოხვდა, სადაც ის ადგილობრივმა გლეხმა გურამ ჩაგავამ შეიფარა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, იმ პერიოდში მიშა გურამ ჩაგავას სახლში არა როგორც ხიზანი, არამედ, როგორც უმცროსი ნათესავი ცხოვრობდა: ოჯახის წევრებთან ერთად მიირთმევდა და ეძინა, ხოლო გურამ ჩაგავას „ძია გურამს“, ზოგჯერ „მამასაც“ ეძახდა.
მოგვიანებით, როცა აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო, გურამ ჩაგავა ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. ის რამდენჯერმე დაიჭრა, ფეხიც დაკარგა, ხოლო ომის შემდეგ თვითგამოცხადებული აფხაზეთის არმიაში რამდენიმე თანამდებობაზე დანიშნეს, მაგრამ ჭრილობების გამო სრულფასოვანი სამხედრო სამსახური ვერ შესძლო და ისევ შინამეურნეობას მიუბრუნდა.
კონფლიქტის დროს მიშა ჩაგავას სახლში იყო და მას ეხმარებოდა, პარალელურად კი მოხალისეებში ტრიალებდა და, თუმცა არ მიუღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, თეორიულად ბევრი რამ ისწავლა, რაც 22 წლის შემდეგ გამოადგა კიდეც: რუსეთში დაბრუნებულმა კონსტანტინოვმა ვერ მოახერხა, მშვიდობიანი ცხოვრებისთვის აეწყო ფეხი: ჯერ ავტომანქანების მრეცხავად იმუშავა, მერე მუშად, ბოლოს კი, დონბასში შეტაკებების დაწყების შემდეგ, ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის დასაცავად წავიდა.
გასული წლის ნოემბერში უკვე ავტორიტეტულმა სნაიპერმა მალსახმობით „მედვედი“ შვებულება აიღო და მ,შობლიურ სოფელში ჩავიდა, თუმცა, იქაც იმაზე მოუწია ფიქრმა, როგორ ერჩინა თავი და ორ თანამოაზრესთან ერთად ქუჩაში მდგარი სექსმუშაკების გაძარცვა გადაწყვიტა. სამმა თანამოაზრემ გეგმაც შეიმუშავა, მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და ისინი „გაიშნიკებმა“ გააჩერეს. საჭესთან ნასვამი „მედვედი“ იჯდა, რომელმაც პოლიციელებს „სტეჩკინიდან“ მთელი მჭიდი დაახალა და მოკლა. როგორც პოლიციელების მანქანის ვიდეორეგისტრატორიდან ჩანს, მან თითოეულ პოლიციელს რამდენიმე საკონტროლო ტყვიაც ესროლა და მიიმალა.
„მედვედზე“ ძებნა გამოცხადდა, მან კი იმ სამართალდამცველთა ვარაუდის საწინააღმდეგოდ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ კონსტანტინოვი ლუგანსკში დაბრუნდებოდა, შემხვედრი მანქანების დამგზავრებით ჯერ სოჭში, შემდეგ კი არალეგალურად, ოკუპირებულ აფხაზეთში შეაღწია და სოფელ კვიტოულში, ისევ გურამ ჩაგავას ოჯახს მიადგა.
ჩაგავა ამ დროს მარტო ცხოვრობდა და შიდამეურნეობასაც მარტო უძღვებოდა, თუ არ ჩავთვლით შვილებს და სხვა ნათესავებს, რომლებიც გამოსასვლელ დღეებში აკითხავდნენ ხოლმე. ჩაგავამ „მედვედი“ თბილად მიიღო და არც თავშესაფრის მიცემაზე უთქვამს უარი, მაგრამ 1 აგვისტოს, ღამის საათებში, მის სახლში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა:
როგორც მეზობლები ჰყვებიან, „აფხაზეთის გმირის“ წოდების მქონე გურამ ჩაგავა მეზობლებში ავტორიტეტითაც სარგებლობდა და საღამოობით, როცა შრომას მორჩებოდა, მათთან ერთად ცოტა შინნახად ჭაჭას სვამდა და საუბრობდა. სუფრა, ძირითადად, ჩაგავას ეზოში იშლებოდა ხოლმე. ასე იყო 1 აგვისტოსაც, როცა მეზობლებმა, შეზარხოშებისა და საუბრის შემდეგ, ჩაგავას ეზო დატოვეს. ეზოში, მათი თქმით, ჯერ კიდევ ისხდნენ მასპინძელი და მისი შვილობილი...
ე.წ. „აფხაზეთის გმირი“ იმ საღამოს შემდეგ არავის უნახავს. როცა უქმეებზე მოსულმა ნათესავებმა მოიკითხეს, „მედვედმა“ მათ უთხრა, რომ „ძია გურამი“ მეზობლებთან გადავიდა. ნათესავებმა განგაში მას შემდეგ ატეხეს, როცა ეზოში გათხრილ ძველ ჭაში მამაკაცის პერანგის კუბოკრული ნაჭერი იპოვეს - სწორედ ისეთი, როგორიც გურამ ჩაგავას ჰქონდა. როგორც კი ეს დეტალი (ნაჭრის პოვნა) შეიტყო, „მედვედი“ სახლიდან გაიქცა. ამჯერად უკან, რუსეთში, სადაც მას პოლიციელების მკვლელობის გამო ეძებდნენ.
კვიტოულში საგამოძიებო ჯგუფი გავიდა. მათ ჭიდან მოხუცი „აფხაზეთის გმირის“ ცხედარი ამოიღეს. როგორც ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაასკვნეს, გურამ ჩაგავა სიკვდილამდე სასტიკად იყო ნაწამები: „მედვედმა“ მოხუცს ხელები ზურგსუკან შეუკრა, თავი კი ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ქვის რამდენჯერმე ჩარტყმით გაუხეთქა, რის შემდეგაც პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვა და გაგუდა. ამის შემდეგ, გვიან ღამით. კონსტატინოვმა ჩაგავას ცხედარი ჭაში ჩააგდო...
ასე „დაუფასა“ ორჯერ გადარჩენა რუსმა შვილობილმა აფხაზ მამობილს... „მედვედი“ ამჟამად დაკავებულია და პოლიციელთა მკვლელობის ბრალდება აქვს წარდგენილი. როგორც ცნობილია, აფხაზური მხარე არ აპირებს, მისი ექსტრადიცია მოითხოვოს: საუკეთესო შემთხვევაში, „მედვედს“ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, რუსეთში გამოძიების დასრულების შემდეგ აფხაზეთში ჩაიყვანენ. წინასწარი ინფორმაციით, სნაიპერს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ფორუმების მიხედვით - არტურ აშხვაცავა