
ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ნაწილის ლიკვიდაციის ფაქტი შსს-მ დაადასტურა. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება მოკლული და დაძინებული, ასევე ჯერ ცოცხალი, მაგრამ გაქცეული ცხოველების შესახებ.
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ თვითმხილველის ნაამბობს, რომელიც მოვლენათა განვითარებას უშუალოდ ეპიცენტრში აკვირდებოდა.
„ჩემი ინფორმაციით, ორი ლომი, ერთი ვეფხვი, ერთი თეთრი ალბინოსი ბოკვერი და თითქმის ყველა მგელი დახოცილია. ალბინოსი ბოკვერი მაშველებმა შენიშნეს, ამბობდნენ, ვეხვეწებოდით რაციით, რომ გამოეგზავნათ სპეციალისტი და დაეძინებინათო, მარა უშედეგოდ, ახლოს არ გვიშვებდა და იძულებული გავხდით გვესროლაო, დახრჩობას ეს ვარჩიეთო.. ყელში ბურთი ეჩხირებოდა მაშველს, ამას რომ hყვებოდა..
სამი დათვი გაქცეულია, თვითონ ზოოპარკის, უფრო სწორად ნაზოოპარკალის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხრჩვალი ცხოველები არ შეინიშნებაო. ერთი დახვრეტილი ლომი ახალ გზაზე რომ ესტაკადა მიდის, იქვე გდია გაზონებში. ერთი დახვრეტილი ლომი და ვეფხვი წყალმა წაიღო....
მოვიდნენ და ნემსები დაავიწყდათ, სამი ნემსი ჰქონდათ, ვიღაც უფროსი ტელეფონში ყვიროდა, სად არის ის, მომითრიეთ ნემსებიანადო!!! სამი ესროლეს დათვს და ვერ დააძინეს.
გვირაბის თავთან ვეფხვი იჯდა, რამდენჯერაც ამოყოფდა თავს ბალახებიდან, იმდენჯერ პატრული ჰაერში ისროდა, ესტაკადის ბარდიურზე იყვნენ ჩამწკრივებულნი, საათნახევარი მაინც აკავეს ესე, მოვიდნენ ის დამძინებლები, აღარ ჰქონდათ ნემსები და იმათ თვალწინ ჩაცხრილეს სპეცებმა, წყალში ჩავარდა და კაი ხანი ფართხალებდა, ზედ გვირაბთან ატრიალებდა,
5 წუთის მერე მანდვე ჩაცხრილეს ლომი, და ლომი რომ ჩაცხრილეს მაშინ ჩემგან ორ ნაბიჯზე ერთი კოლოფი ჩალაგებული ნემსები იდო, ანუ მოტანილი იყო უკვე, მაგრამ დაიკიდეს!!!
მერე წყლის დონემ რომ დაიკლო მაშველებმა ნავი ჩაუშვეს, ჩაისვეს ერთი ავტომატიანი სპეცი, ალბად ზოოპარკის ცენტრალური ოფისის მეორე სართულის ფანჯრის კონდიციონერზე შემომჯდარი ვეფხვის მოსაკლავად.. მე ნერვები აღარ მეყო და წამოვედი..."
რაც შეეხება მსგავსი ქმედების შესაბამისობას კანონთან, პოლიციის შესახებ კანონის 34-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც პოლიციელს აქვს ცეცხლის გახსნის უფლება. კერძოდ:
1. პოლიციელს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად - დამატებითი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.
2. პოლიციელის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს მინისტრი.
3. ცეცხლსასროლი იარაღის პასიურ გამოყენებად ითვლება პოლიციელის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება.
4. ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება იარაღიდან გამიზნული გასროლა.
5. პოლიციელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) პირისა და საკუთარი თავის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
ბ) უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად;
გ) მისთვის წინასწარი ცნობით ძალადობრივი ქმედებისათვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის გაქცევის აღსაკვეთად;
დ) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს;
ე) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოგერიებისას;
ვ) საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად.