
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, ვენასთან ახლოს, პატარა ქალაქ გრეინში, მდინარე დუნაის ნაპირზე 29 აპრილს გაუჩინარებული ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს.
ცხედარი მდინარემ გამორიყა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის 23 წლის სოფიკო ლოლაშვილის აღმოჩნდა. ცხედრის იდენტიფიცირება საქართველოდან გაგზავნილი მონაცემების საფუძველზე მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, გოგონას ცხედარს ძალადობის ნიშნები გარეგნულად არ ეტყობა, თუმცა, საქმის გამოძიებაში მკვლელობის ვერსია ჯერაც ფიგურირებს. პოლიციაში ამბობენ, რომ სოფიკოს გაუჩინარების საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.
ავსტრიის პრესაში ინფორმაცია სოფიკო ლოლაშვილის გაუჩინარების შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ამის შესახებ ჩვენი ვებგვერდიც იტყობინებოდა.
„აფხაზეთის ხმისთვის“ ცნობილი გახდა ასევე, რომ გაუჩინარებული გოგონას და - ნატო ლოლაშვილი სოფიკოს უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგი იყო, რადგან ცოტა ხნის წინ ავსტრიაში მცხოვრებმა, გამოძიებისთვის უცნობმა ქართველმა ბიჭებმა შეატყობინეს, რომ მისი და ცოცხალი იყო და შინ უვნებლად დაბრუნდებოდა. გამოძიება ამ პირების გამოვლენისთვის მუშაობს.
სოფიკო ლოლაშვილის ოჯახი საქართველოში, რუსთავში ცხოვრობს. „აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, ასევე რუსთაველები არიან ბიჭები, რომლებიც გაუჩინარებული სოფიკოს დას ესაუბრნენ.
აღწერის მიხედვით, 1.50-1.60 მეტრის სიმაღლის სოფიკოს შავი ფერის, ცოტა ხნის წინ წითლად შეღებილი თმა ჰქონდა, სახლიდან გასვლისას ეცვა შავი ჯინსის შარვალი, შავი მაისური და სავი ქურთუკი. გოგონა ვენაში, მიმღებ ოჯახში ცხოვრობდა და ბოლო კონტაქტი მასთან პერგის რაიონის ქალაქ გრეინში შედგა.
ინფორმაციის მიხედვით, სოფიკო ლოლაშვილმა სახლი 29 აპრილს დატოვა, რათა ლინცში გერმანული ენის კურსებზე გამგზავრებულიყო. გოგონა საუბრობდა რუსულად, გერმანულად და ქართულად. ამ ეტაპზე გამოძიებას უჭირს იმ მოტივების დადგენა, რის საფუძველზეც დაასკვნიდა, რომ გოგონამ თავი მოიკლა.