
პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ წამყვანები ისევ ნანკა კალატოზიშვილი და დუტა სხირტლაძე იქნებიან.
როგორც ნანკა ამბობს, ზაფხულში დასვენება ვერ მოახერხა, რადგან თეატრში რეპეტიციები ჰქონდათ.
„თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ოქტომბერში წარვადგენთ გორკის პიესას „ფსკერზე“, სადაც ნასტიას ვთამაშობ. დოიმ რეპეტიციები ზაფხულში დაიწყო. ბავშვი ჩემს დასთან კაკლებში ისვენებდა, შორს ვერ გავუშვებდი. კაკლები წყნეთამდეა...
დედაჩემს ვენდობი სრულად. ძალიან არ მიყვარს, როცა დანისთან ერთად გარეთ ვარ და უცხო ადამიანები მას ლოყაზე ჩქმეტენ. ერთხელ ''ჯიდიესში'' მყავდა მიყვანილი ჩაწერაზე. ბოლოს არაადეკვატურად მოვიქეცი. უცხო ხალხი მოდიოდა და ლოყაზე ჩქმეტდნენ.
ჩემი აზრით, პატარასთან შეხებას ყველა უნდა მოერიდოს. მთელი დღე ხან სიგარეტს ეწევიან, ხან რას ეხებიან და ხან - რას და არ მინდა, დანის შეეხონ. სახლში ამისგან მაქსიმალურად ვიცავთ. ბოლოს ისე ხმამაღლა გამოვხატე აღშფოთება, რომ ყველამ გაიგო. არ გიცნობ, არ მიცნობ, დამანებე თავი. არ მინდა სიყვარულის ასე გამოხატვა (იღიმის). ახლა ვამბობ, ბავშვს სახეზე ნუ ეხებით, არ მოსწონს-მეთქი. ძალიან ახლობელი თუა, სხვა საქმეა.
... წინა სეზონზე „ტანგო“ ხომ შევასრულე, საცირკო ტრიუკით. მაინც არ ვიყავი კმაყოფილი, ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი მეცვა. ტრიუკის დროს დაზღვევა არ მქონია და იმაზეც კი არ მიფიქრია, რომ ჩამოვვარდე, რა მეშველება-მეთქი, ვფიქრობდი, ნეტავ, ყველა ილეთი კარგად შევასრულო-მეთქი (იცინის), ასეთია მსახიობის დამოკიდებულება.
მე უფრო მეტად ჩემი, დუტას და ყიფშოს ნომერი მომეწონა, თუმცა ფეხებზე ბევრი ვიმუშავეთ, თავი დავაკალით და კარგად არ ჩანდა.
ახლაც წამყვანი ვარ და ვერ ვმონაწილეობ, რადგან ორივე ფეხზე პოდაგრის ოპერაცია გავიკეთე. მანამდეც სულ ხან გასტროლი ემთხვეოდა, ხან ორსულობის შემდეგ ფორმაში არ ვიყავი. ახლა ქუსლიანის ჩაცმაც კი არ შეიძლება ნახევარი წელი.
ოპერაციიდან ერთი თვე გავიდა და უკვე ნორმალურად დავდივარ. ისე მტკიოდა, რომ შანსი აღარ მქონდა, არადა, ძალიან მეშინოდა ამ ოპერაციის. ვიპოვე ფანტასტიკური ექიმი, რომელმაც ხელოვნების ბევრ წარმომადგენელს გაუკეთა იგივე ოპერაცია.
ვნახე შედეგი და ვკითხე, როგორ გრძნობდნენ თავს რეაბილიტაციის შემდეგ. თვრამეტ დღეში ოპერაციიდან უკვე რეპეტიციაზე ვიყავი, თან ორივე ფეხზე გავიკეთე. კოჭლობით მივედი თეატრში, ცოტა ტკივილები ახლაც მაქვს, თუმცა რა შედარებაა.
... ნამდვილად ვერ ვიტყვი, პოპულარობამ შემაწუხა-მეთქი, თუმცა რეჟისორს უთქვამს ჩემთვის, ძალიან მინდა შენთან მუშაობა, მაგრამ ზედმეტად პოპულარული ხარო. არადა, სხვა ქვეყნებში რაც მეტად ცნობილი ხარ, მით უფრო მეტად გეპატიჟებიან კინოში.
მივხვდი, რომ მეც ვერ ვიმუშავებდი ასეთ რეჟისორთან, რომელიც სტერეოტიპებს მიჰყვება. ასეთი ხალხის არ მჯერა,“ - აცხადებს ნანკა კალატოზიშვილი.
„რეიტინგი“